რუსეთიდან უკრაინული დრონებით და რაკეტებით შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსეთის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო. ერთ-ერთი სამიზნე სავარაუდოდ, ივანოვოს ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომია.
ს ხელისუფლება ზედიზედ მესამე დღეა იუწყება სხვადასხვა რეგიონზე უკრაინული დრონებით მასირებული შეტევის შესახებ. არაერთ ოლქში მობილური ინტერნეტი შეზღუდეს.
23 მაისს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო ლიპეცკის ოლქის ქალაქ ელეცში. ოლქის გუბერნატორ იგორ არტამონოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოგერიებული დრონების ნამსხვრევები ქალაქის სამრეწველო ზონაში ჩამოცვივდა და ხანძარი გამოიწვია. გუბერნატორის თანახმად, დაშავდა 8 ადამიანი.
ტელეგრამ-არხები Supernova+ და Exilenova+, რომლებიც მონიტორინგს უწევენ რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით შეტევებს, წერენ, რომ ელეცში დრონებით დარტყმა იყო აკუმულატორების ქარხანაზე. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელია.
გასულ ღამით აფეთქებები იყო ივანოვოს ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრთან, ქალაქ ივანოვოსთან მდებარე შუის რაიონში. ტელეგრამ-არხ Mash-ის თანახმად, დრონების სამიზნე იყო სამხედრო აეროდრომი „სევერნი “. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია გადამოწმებული არ არის. რუსეთის ამ სამხედრო ობიექტზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 2025 წლის აპრილშიც.
საოლქო ადმინისტრაციამ ქალაქ ივანოვოსთან დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენა დაადასტურა, თუმცა არა სამხედრო აეროდრომის, არამედ „კერძო სექტორის ტერიტორიაზე”, სადაც მისივე ცნობით, რამდენიმე სახლის ფანჯრები ჩაიმსხვრა.
23 მაისს, შუაღამის შემდეგ დრონებით მორიგი შეტევის შესახებ განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა. მის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დედაქალაქისკენ მიმართული 9 დრონი. ერთი დღით ადრე, 22 მაისს სობიანინი საერთო ჯამში, 51 უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიებას იუწყებოდა.
22 მაისს, ღამით რუსეთის კურსკის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მ სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ ლგოვის გარეუბანზე. გუბერნატორ ალექსანდრ ხინშტეინის თანახმად, დაშავდა 16 ადამიანი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს რუსეთის რეგიონებზე დრონებით და რაკეტებით შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
ფორუმი