ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს თავის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის და ამბობს, რომ მისი განცხადებები ზუსტად ასახავს ევროკავშირის პოზიციას.
„რასაც ვისმენთ „ქართული ოცნების“ მხრიდან მტკნარი სიცრუა, ხოლო ყველა თავდასხმა ევროკავშირის ელჩზე და ევროკავშირის ღირებულებებზე უსაფუძვლოა. ელჩს საქართველოში აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა და ნდობა. მისი განცხადებები ზუსტად ასახავს და პატივს სცემს ევროკავშირის პოზიციას“, — განაცხადა ევროკავშირის წამყვანმა პრესსპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ანიტა ჰიპერმა IPN-ის კითხვის საპასუხოდ, რომელიც შეეხებოდა „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების კრიტიკას ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის გამო.
„ქართულ ოცნებას“ არაერთხელ გაუკრიტიკებია ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, მათ შორის არჩევნებში ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიაში ჩართულობის ბრალდებით.
„პაველ ჰერჩინსკის არ აძლევენ საშუალებას, რომ იმუშაოს, როგორც ელჩმა. ეს არის ერთი კონკრეტული შეფასება. ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, აკეთებინებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან მძიმედ აისახება მის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში. ძალიან ტრაგიკული და სამწუხაროა ეს ყველაფერი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა მას, სამწუხაროდ, „დიფ სთეითი“ არ აძლევს ამის საშუალებას“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერთი კვირის წინ.
