რელიგიის საკითხთა სახელმწიო სააგენტოს დელეგაცია ვაშინგტონში, ორგანიზაცია „ბ’ნაი ბ’რითის ინტერნაციონალის“ ცენტრალურ აღმასრულებელ დირექტორს, დანიელ მარიაშინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, დანიელ მარიაშინს მოკლედ გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი ასპექტები, ისაუბრა ქართულ-ებრაული ურთიერთობის 26 საუკუნოვან ტრადიციაზე, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებაზე, მათ შორის, იუდეური თემისთვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის სიმბოლური და ნაწილობრივი ანაზღაურების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ყოველწლიური ფინანსური დახმარების 150 000 ლარიდან 550 000 ლარამდე გაზრდის თაობაზე. სააგენტოს თავმჯდომარემ, ასევე, აღნიშნა, რომ იუდეურ თემს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ჩამორთმეული ყველა სინაგოგა (სულ 22 სინაგოგა) დაუბრუნდა. მისი თქმით, ებრაელთა საფლავების მოვლა-პატრონობა ორ ერს შორის ჩამოყალიბებული უნიკალური ურთიერთობის ნათელი მაგალითია.
„ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის – სიცოცხლის, გადაადგილების, განათლების, რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ეკლესია-მონასტრები ნადგურდება ანდა რესტავრაციის საბაბით, იშლება ქართული კვალი. აფხაზეთსა და ცხინვალში, საეკლესიო მსახურების განსახორციელებლად, ვერ გადადიან მხოლოდ ქართველი, მართლმადიდებელი სასულიერო პირები, თუმცა, სხვა რელიგიების წარმომადგენლები ამ უფლებით სარგებლობენ. ამ კონტექსტში, სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.
დანიელ მარიაშინმა მადლობა გადაუხადა სტუმარს ინფორმაციის გაზიარებისთვის და გამოთქვა საკუთარი მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო, ასევე, ისრაელ-პალესტინის ომს. დანიელ მარიაშინმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ საქართველოსთან განსაკუთრებული კავშირები აქვს, რადგან მისი დიდი ბაბუა რაბინი იყო, ცხინვალის სინაგოგაში მსახურობდა (რომელიც ოკუპაციის შედეგად დანგრეულია) და ცხინვალშივეა დაკრძალული.
შეხვედრის დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძემ მასპინძელს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს გამოცემა „რელიგიური რეპრესიები საბჭოთა საქართველოში“, ქართულ-ებრაული მეგობრობის დავით ბააზოვის სახელობის მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნი და ქართულ და ებრაულ ენაზე გამოცემული დავით მეფის ფსალმუნები გადასცა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მრჩეველი, სანდრო ინაშვილი, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ალექსანდრე შეყილაძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
