მაისის თვეში „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ოთხ რეგიონულ სკოლას ესტუმრა და საჭირო ნივთებით დაასაჩუქრა. ეს გახლავთ კომპანიის ტრადიციად ქცეული კამპანია, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებს სტუმრობს და მათ კომპიუტერებით, წიგნებითა და საკანცელარიო ნივთებით ასაჩუქრებს.
საერთო ჯამში „ნიკორა ჯგუფი“ უკვე 30-ზე მეტ სკოლას დაეხმარა და როგორც კომპანიაში განმარტავენ, ისინი პროექტის გაგრძელებას სამომავლოდაც აპირებენ. ინფორმაციას, თუ რომელ სკოლებს ესაჭიროება დახმარება განსაკუთრებულად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან იღებენ. ამჯერად სტუმრობა შემდეგ სკოლებში განხორციელდა:
· სსიპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშის საჯარო სკოლა;
· სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩირიკის საჯარო სკოლა;
· სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის N2 საჯარო სკოლა;
· სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლა.
თითოეული სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ დახმარება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს სწავლების პროცესის დახვეწას, მეორე მხრივ კი, აამაღლებს ბავშვების მოტივაციას. მათივე თქმით, ძალიან სწორად იყო შერჩეული საჩუქრებიც და სწორედ ის მიიღეს, რაც სჭირდებოდათ.
გიორგი ბუდაღაშვილი, სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი: „მოტანილი საჩუქრები უკვე სრულად ჩაერთო სწავლა-სწავლების საკითხებში. ჩვენი სკოლის 79-ვე ბავშვს ინდივიდუალურად დაურიგეს საკანცელარიო ნივთები, რაც სხვადასხვა საგნის შესწავლასა და დავალებების შესრულებაში დაეხმარება. საჩუქრად მიღებული კომპიუტერებს საინფორმაციო ტექნოლოგიების შესწავლის დროს გამოვიყენებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის წიგნები, რომლითაც ბიბლიოთეკა შევავსეთ და მათი ნაწილი ბავშვებმა უკვე გამოიწერეს და კითხვაც დაიწყეს. მე, როგორც ამ სკოლის დირექტორი, მუდმივად ვცდილობ არასაბიუჯეტო ხარჯებით სკოლას დავეხმარო და ეს საჩუქრებიც ძალიან წაადგება ჩვენს საქმეს.“
მარინა შიოლაშვილი, სსიპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშის საჯარო სკოლის დირექტორი: „ჩვენი სკოლისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობა იყო. ბავშვები ძალიან გახარებულები დარჩნენ. წიგნებით ბიბლიოთეკა შევავსეთ. კომპიუტერებიც ძალიან გვჭირდებოდა. ზოგადად, საჩუქარი ყველას უხარია, მაგრამ უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ სწორედ იმით დავსაჩუქრდით, რაც გვჭირდებოდა ხარისხიანი სწავლისთვის.“
მარიამ გელაშვილი, სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის დირექტორი: „ბიზნესის მხრიდან სკოლების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ ასეთი მსხვილი კომპანია საქველმოქმედო აქტივობებსაც ახორციელებს. საჩუქრებიც ძალიან სწორად იყო შერჩეული. ბავშვები ბედნიერები დაბრუნდნენ სახლებში. სიკეთე სიკეთეს შობს და იმედი მაქვს, სამომავლოდაც გაგრძელდება მსგავსი აქტივობები.“
ზინა ბედოიძე, სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩირიკის საჯარო სკოლის დირექტორი: „ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენს სკოლას კერძო ბიზნესი დაეხმარა და საჩუქრები გადასცა. ბავშვები განსაკუთრებულად ბედნიერები იყვნენ. კომპიუტერებმა ძალიან გაახარა. წიგნებიც ჩვენი მოსწავლეების ასაკის შესაბამისად იყო შერჩეული. ზოგადად, წიგნებთან ურთიერთობა დიდი ბედნიერებაა და მიხარია, რომ სწორედ ეს მიიღეს საჩუქრად ბავშვებმა. იმედი მაქვს, წიგნებთან კონტაქტს მთელი ცხოვრების მანძილზე არ შეწყვეტენ.“
როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ნიკორა ჯგუფი“ სკოლების დახმარების პროექტს რამდენიმე წელია ახორციელებს. კომპანიის მიზანია, მთის რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ლიტერატურაზე ჰქონდეთ წვდომა. მათი განათლების მიღების შესაძლებლობები არ უნდა ჩამორჩებოდეს ქალაქში მცხოვრები მოსწავლეების შესაძლებლობებს.
