ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატებმა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის აცილება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატები მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის აცილებას ითხოვენ. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლოში მას შემდეგ დააყენეს უფლებადამცველებმა, რაც მოსამართლემ დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
როგორც ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოსამართლეს უთხრეს კონკრეტული დარბაზები, სადაც სხდომები არ მიმდინარეობდა, ის ფორმალურადაც კი არ გავიდა იმის გასარკვევად, იყო თუ არა რომელიმე დარბაზი თავისუფალი.
ამასთან, ადვოკატის თქმით, მოსამართლე ასევე არ დაინტერესდა დაცვის მხარის პრობლემით, რადგან ადვოკატებს დაცვის სრულფასოვნად განხორციელების საშუალება არ აქვთ, ვინაიდან ერთ-ერთ ადვოკატს სამუშაო ლეპტოპი მუხლზე უდევს.
ადვოკატების თქმით, როგორც მათ, ასევე დიდი ალბათობით საზოგადოებასაც, შეექმნა განცდა, რომ ის შეიძლება არ იყოს ობიექტური, რის გამოც, მას საქმე უნდა აეცილებინა.
მოსამართლეს კითხვებით მიმართა ადვოკატმა მაც, კერძოდ კი, შვანგირაძეს ჰკითხა, სად მუშაობდა ის მოსამართლედ დანიშვნამდე და რა განათლება აქვს. აღნიშნულზე მოსამართლემ უპასუხა, რომ ინფორმაცია საჯაროა.
„გამოსაცდელი ვადით ხართ დანიშნული 3 წლით, მოხვედით პროკურატურიდან, თქვენი მოტივაცია გამოჩნდა 11 ბრალდებულის საქმიდანაც. იმ ხალხს, ვინც ციხეში გაუშვით, პოლიტპატიმრების სახელი აქვს არამხოლოდ ქართული პოლიტიკური სპექტრის შეფასებით“, – მიმართა გვარამიამ მოსამართლეს და იქვე ჰკითხა, გაერკვია მას, რით არის გამოწვეული მანდატურების აგრესიული ქმედებები.
„სხვათა შორის, შემიძლია დავაყენო შუამდგომლობები თქვენი ოჯახისა და პროკურატურის კავშირებზე, რადგან არ მპასუხობთ არაფერზე. რატომ იყენებთ დუმილის უფლებას იქ, სადაც ამის უფლება არ გაქვთ? რატომ არ მპასუხობთ – ვმუშაობდი პროკურატურაშიო? შემდეგ უკვე შემდეგ კითხვას დაგისვამდით. ეს ყველაფერი ბადებს ეჭვს, რომ მიუკერძოებელი მსაჯული არ ხართ. ჩამოგითვალეთ ობიექტური მტკიცებულებები, რატომ მაქვს თქვენს მიმართ ეს განცდა.
თქვენ არ ინტერესდებით დარბაზს მიღმა ვითარებით და ეს უნდა გაინტერესებდეთ. ეს ითვლება თქვენი პროცესის ნაწილად და გაგრძელებად. ძალიან გთხოვთ, საფუძვლიანი განჩინება გამოიტანოთ და აგვიხსნათ მხარეებს, რატომ გამოგაქვთ ის. იმედი გვაქვს აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილების, ან იმის ახსნის მაინც, რატომ არ აკმაყოფილებთ”,- განაცხადა გვარამიამ.
ბრალდების მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განმარტა, რომ მოსამართლის ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია. პროკურორების თქმით, დაცვის მხარე პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ დაცვის მხარის არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა. შვანგირაძის თქმით, მისი მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება მოსამართლის აცილების საფუძველი გახდეს.
დაცვის მხარემ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა, იმასთან დაკავშირებით, სასამართლოს გაერკვია, თუ რატომ გადაიკეტა სასამართლოს ყველა შესასვლელი, შინაგან საქმეთა სამინისტროში რა გადაწყვეტილება და ვის მიერ იქნა მიღებული. გვარამიას თქმით, გარეთ იმყოფება ვაჟა სირაძე და ჰკითხონ, თუ რატომ არის სპეციალური ზომები გამოყენებული და სასამართლოს დარბაზში, დერეფანში კი არა, ეზოშიც კი რატომ არ უშვებენ ადამიანებს. პროკურორების განმარტებით, მათთვის გაუგებარია, თუ რა შუაშია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმესთან ეს შუამდგომლობა.მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.