27 მაისიდან მთელ ქალაქში იქნება დუღილი. ყველგან იქნება პროტესტი. პარალელურ რეჟიმში, არიან ადამიანები, რომლებიც გაფიცვის მომზადებას დაიწყებენ, – ამის შესახებ ჯგუფი „ფარის“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი თავდგირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ პროტესტის და ზეიმის თანხვედრა არ იყოს, 26 მაისი იქნება აღლუმის გადაბარება, ზეიმი და დასძენს, რომ 27 მაისს იქნება იმის დასაწყისი, რაც 26-ში უნდა ყოფილიყო.
„ნიჭიერი ადამიანებისგან მიკვირს, როდესაც საკუთარი თავის რწმენა აქვთ შერყეული, ეს არის მთავარი პრობლემა, თორემ როგორც კი ჩვენ მოვინდომებთ და 20-30 ათასი კაცი დადგება რუსთაველზე, რეჟიმი 3 დღეში ჩამოიშლება. 27 მაისიდან მთელ ქალაქში იქნება დუღილი. ყველგან იქნება პროტესტი. პარალელურ რეჟიმში არიან ადამიანები, რომლებიც გაფიცვის მომზადებას დაიწყებენ.
26 მაისი არის დღესასწაული, ჩვენ ვთვლით, რომ პროტესტი უნდა ყოფილიყო უფრო მეტი, ვიდრე ზეიმი, თუმცა ამაშიც არ არის პრობლემა. რადგან საზოგადოების აქტიური ნაწილი თვლის, რომ საზეიმო ღონისძიება უნდა იყოს, იყოს, ეს ხელს არაფერს შეუშლის. იმის გამო, რომ პროტესტის და ზეიმის თანხვედრა არ იყოს, არსად გვეჩქარება. 27 მაისს იქნება იმის დასაწყისი, რაც 26-ში უნდა ყოფილიყო.
26 მაისი იქნება უფრო აღლუმის გადაბარება, ზეიმი. საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება ერთი დღე დაისვენოს, იზეიმოს. ამაში არ არის პრობლემა“,- განაცხადა თავდგირიძემ.
მან პროტესტის გაგრძელებაზე და არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის მექანიზმებზე ისაუბრა.
თავდგირიძე განმარტავს, რომ შეიქმნება ეროვნული საბჭო, რომელიც „ჩამოშლილი რეჟიმის შემდეგ“ სამი თვით შეასრულებს საქართველოს ადმინისტრაციის ფუნქციას, დანიშნავს არჩევნებს.
„27 მაისიდან ყველა მიმართულებაზე შევუტევთ. ჩვენ ბიძინას არ ვთხოვთ არჩევნების ჩანიშვნას, ეს რეჟიმი თავისი ბიძინათი, ბაობაბით, ზებრებით და კობახიძით უნდა წავიდეს. საქართველოს პოლიტიკური სივრცე ზებრებისგან უნდა გაიწმინდოს. ზებრების და პინგვინების გაკეთებულ პოლიტიკას საქართველო კატასტროფისკენ მიჰყავს.
შეიქმნება ეროვნული საბჭო სახალხო ლეგიტიმაციით. საბჭოს დაკომპლექტების წესზე ხალხმა იმსჯელოს. შეიქმნება ეროვნული საბჭო, რომელიც ჩამოშლილი რეჟიმის შემდეგ, სამი თვით შეასრულებს საქართველოს ადმინისტრაციის ფუნქციას, დანიშნავს არჩევნებს და მისი მთავარი ამოცანა იქნება არჩევნების ჩატარება. ჩატარებული არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა პოლიტიკური სუბიექტი, მოახდენს ყველაფრის ლეგიტიმაციას.
ამ პროცესს ჰყავს ადამიანები, რომლებიც სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. საზოგადოებას ტყუილად არ შეკრებს და 1-საათიან სიტყვას კი არ წაუკითხავს რუსთაველზე“,- განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.
ამასთან, თავდგირიძემ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოქტომბერში, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება სამშობლოს ღალატის ტოლფასი ქმედება იქნება.
„რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, ეს არის რუსეთის გუბერნიის არჩევნები. რატომ უნდა მიიღოს რუსეთის გუბერნიის არჩევნებში მონაწილეობა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიამ თუ ის კოლაბორაციაში არ არის პუტინთან და რუსეთთან? მარტივი თემაა, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის სამშობლოს ღალატის ტოლფასი ქმედება“, – განაცხადა თავდგირიძემ.
