ისრაელის არმია ღაზის სექტორში რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის წინააღმდეგ განაგრძობს სახმელეთო ოპერაციას, რომლის განახლების შესახებ სარდლობამ 18 მაისს გამოაცხადა.
აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მიერ კონტროლირებული პალესტინური მედიასაშუალებების ინფორმაციით, დღეს, 19 მაისს დილით ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმები შევიდნენ ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხან-იუნისში, სადაც ჰამასის სამხედრო ფრთის ერთ-ერთი ლიდერი აჰმად სარჰანი მოკლეს. ისრაელის თავდაცვის არმიას ეს ცნობა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
ჰამასის მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეს დილით ღაზის სექტორში მოკლულია 17 ადამიანი, მათგან 6 – ქალაქ ხან-იუნისში.
ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობამ 18 მაისს, საღამოს გამოაცხადა, რომ ღაზის სექტორის სამხრეთსა და ჩრდილოეთში ჰამასის „ტერორისტული ინფრასტრუქტურის” წინააღმდეგ დაიწყეს ახალი, ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობენ როგორც მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, ისე რეზერვისტები. თავდაცვის ძალების თანახმად, ამ ოპერაციას ერთი კვირის განმავლობაში წინ უძღოდა მოსამზადებელი ავიადარტყმების სერია, რომლის შედეგად განადგურდა ჰამასის 670-ზე მეტი ობიექტი.
ჰამასის მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად 464 ადამიანი დაიღუპა.
2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს. ამას მოჰყვა ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვა.
საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას ჰამასმა საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევით მძევლების ნაწილი გაათავისუფლა.
2025 წლის 19 იანვრიდან ამოქმედდა აშშ-ის, კატარის და ეგვიპტის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რამდენიმეეტაპიანი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას და ჰამასის მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.
პირველ ეტაპზე, რომელიც 1 მარტს დასრულდა, ჰამასმა ისრაელს დაუბრუნა 33 მძევალი (მათგან 8 ცხედარი), ხოლო ისრაელმა გაათავისუფლა დაახლოებით 1800 პალესტინელი პატიმარი. მეორე ეტაპის პირობების შეთანხმება ვეღარ მოხერხდა, რის შემდეგაც ისრაელმა სამხედრო ოპერაცია და ღაზის სექტორის ბლოკადა განაახლა.
პალესტინური მხარის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მაისის პირველ ნახევრამდე ღაზის სექტორში დაიღუპა 53 ათასზე მეტი ადამიანი.
ისრაელის მონაცემებით, ჰამასის ტყვეობაში რჩება 60-მდე ადამიანი, რომელთაგან, სავარაუდოდ, ცოცხალია 24. გრძელდება საერთაშორისო ძალისხმევა მძევლების გათავისუფლებისა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მისაღწევად.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის წინადადებაა ცეცხლის დაახლოებით 45 დღით შეწყვეტის სანაცვლოდ ჰამასის მიერ ათამდე მძევლის გათავისუფლება. ჰამასი ამ წინადადებას ჯერჯერობით არ თანხმდება.
ფორუმი
