დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაში შენობების ნაწილზე 600 მილიონი, ხოლო გზის სავალ ნაწილზე 30 მილიონი ლარი დაიხარჯება.
როგორც ბენდელიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშოები, ძირითადად, კერძო სახლებს ჩაუტარდება.
ამასთან, ბენდელიანმა ისაუბრა გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ეტაპებზე.
„მომდევნო წლიდან ჩვენ ვიწყებთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას. პირველ ეტაპზე მოხდება საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა კონკრეტულად შენობებთან მიმართებაში. შემდეგ ეტაპზე განხორციელდება შენობების ფასადების, სახურავების რეაბილიტაცია და ასევე ავარიული შენობების გამაგრება იქ, სადაც საჭიროება არსებობს. ამასთან, იგეგმება დეკორატიული მინათებების განხორციელება. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ დავიწყებთ სავალი ნაწილის რეაბილიტაციას, რომელიც გულისხმობს, როგორც მიწისქვეშა და მიწის ზედა საჰაერო კომუნიკაციების შეცვლას, ახალი გარე განათების ქსელის მოწყობას, ახალი გამწვანებული თარგის მოწყობას და განახლებული ასფალტის საფარის მოწყობას“, – განაცხადა ბენდელიანმა.
მისივე თქმით, 2024 წლის იანვრიდან დაიწყება ტენდერების გამოცხადება პროექტირებებთან დაკავშირებით, ამის შემდგომ კი, დაიწყება სამუშოებზე ტენდერების გამოცხადება.
„მომდევნო წლის დასაწყისიდან დავიწყებთ შენობების საპროექტო სამუშოებს. რამდენიმე თვეში დასრულდება საპროექტო სამუშოების შესყიდვა, რომელიც რამდენიმე ლოტად იქნება გამოცხადებული. ამის შემდგომ, მომავალ წელსვე დავიწყებთ ფასადების და გამაგრებითი სამუშოების განხორციელებას, რომელიც წელიწად ნახევრიდან 2 წლამდე დასჭირდება. ამ ეტაპის გავლის შემდეგ დაიწყება გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია.
დაახლოებით, 600 მილიონი ლარია გამოყოფილი შენობების ნაწილზე და 30 მილიონი გზის სავალ ნაწილზე.
2024 წლის იანვრიდან დავიწყებთ ტენდერების გამოცხადებას პროექტირებებთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე ლოტად გვექნება დაყოფილი. ამის შემდგომ დავიწყებთ სამუშოებზე ტენდერების გამოცხადებას“,- განაცხადა ბენდელიანმა.