ვატიკანში რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს. მედიის ცნობით, ცერემონიას ასიათასობით ადამიანი ესწრება.
ცერემონიაში 150-მდე საერთაშორისო დელეგაცია იღებს მონაწილეობას.
გავრცელებული ცნობით, ცერემონიას ესწრებიან მსოფლიო ლიდერებისა და სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბრიტანეთის პრინცი ედუარდი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანიზი.
“ქართული ოცნების” მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, რომის პაპის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრება „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
საინაუგურაციო წირვა წმინდა პეტრეს ტაძარში ადგილობრივი დროით დილის 10 საათიდან დაიწყო და ის დაახლოებით 2 საათს გასტანს.
კონკლავმა ახალი პაპი ლეო XIV (რობერტ პრევოსტი) 8 მაისს აირჩია. ის აშშ-ის პირველი წარმომადგენელია, რომელიც სათავეში ჩაუდგა რომის კათოლიკურ ეკლესიას.
რომის პაპის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 21 აპრილს ვატიკანში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა პაპი ფრანცისკე.
ფორუმი
