თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაიწყო მოლაპარაკებები, რომელთა მიზანია უკრაინაში ომის დასრულება.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა შეხვედრის დაწყებამდე გადაღებული ვიდეომასალა, სადაც ჩანან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი არ არიან იმ დელეგაციაში, რომელმაც პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით, სტამბოლში მონაწილეობა უნდა მიიღოს რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაში. კიევის დელეგაციის ხელმძღვანელია თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.
მოსკოვის დელეგაციას პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს.
თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, სტამბოლში ადგილობრივი დროით თერთმეტი საათისთვის დაიწყო უკრაინის, თურქეთის და აშშ-ის წარმომადგენელთა შეხვედრა, ხოლო დღის პირველის ნახევრიდან დაგეგმილია თურქეთის, რუსეთის და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა.
მოლაპარაკებების ადგილია თურქეთის პრეზიდენტის სამუშაო რეზიდენცია დოლმაბაჰჩე.
სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკება გუშინ, 15 მაისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ არ შედგა.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვდა თურქეთში პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას. პუტინი თურქეთში არ ჩავიდა.
15 მაისს ზელენსკიმ ანკარაში გამართა მოლაპარაკება თურქეთის პრეზიდენტ ერდოანთან და დღის ბოლოს თურქეთი დატოვა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 15 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტამბოლის მოლაპარაკებების შედეგად არანაირ გარღვევას არ ელოდება და ამის ერთადერთ საშუალებად პრეზიდენტების, ტრამპის და პუტინის მოლაპარაკებას მიიჩნევს.
ფორუმი
