„ოცნება“ UNWTO-ში პოლოლიკაშვილის ნაცვლად საამიროების კანდიდატს დაუჭერს მხარს

„ქართულმა ოცნების“ მთავრობა ადასტურებს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა უკან გაიწვია და არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს, შაიხა ალ-ნუვაისს დაუჭერს მხარს.
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი (2009-2010 წწ) და ელჩი ესპანეთში (2012-2017 წწ) ზურაბ პოლოლიკაშვილი 2018 წლიდან არის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ამ პოსტზე მეორე ვადა მას მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება.
ესპანურმა გამოცემა The Diplomat-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „შოკისმომგვრელი პოლიტიკური მანევრი: საქართველოს სავარაუდო გარიგება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (UAE) გაეროს ტურიზმის გენერალურ მდივანს შეცვლის“. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დადებული ფარული შეთანხმების ფარგლებში, აპირებს, UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარი არ დაუჭიროს და მის ნაცვლად საამიროების კანდიდატს მისცეს ხმა.
„ამ ნაბიჯმა საერთაშორისო ტურიზმის საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, ვინაიდან ეს საქართველოს ს ფედერაციასთან სტრატეგიულ დაახლოებად აღიქმება. გენერალური მდივანი პოლოლიკაშვილი ხელმძღვანელობდა პროცესს, რომელმაც 2022 წელს ში შეჭრის გამო რუსეთის ფედერაციის წევრობა ორგანიზაციაში შეაჩერა — თამამი ნაბიჯი, რომელმაც მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა გაეროს სისტემაში. მისი ქმედება აღიარებული იყო, როგორც მნიშვნელოვანი მორალური პოზიცია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ახლა, როცა რუსეთი კვლავ უარს ამბობს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტაზე“, — წერს The Diplomat.
საქართველოს მთავრობამ BMG-ს დაუდასტურა პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნა, თუმცა სპეკულაცია უწოდა მოსაზრებას, რომ ეს რომელიმე კონკრეტული კანდიდატურის გამო გააკეთა.
„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თუმცა მოგვიანებით მისი კანდიდატურა თავისივე გადაწყვეტილებით გაიწვია. სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა. აქვე ვადასტურებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის წერილობით განმარტებაში.
ზურაბ პოლოლიკაშვილს უფლებამოსილების ვადა 2025 წლის 31 დეკემბერს ეწურება. 2026-2029 წლებისთვის გენერალური მდივნის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატები არიან:
· მუჰამად ადამი (განა)
· შაიხა ალ-ნუვაისი (არაბთა გაერთიანებული საემიროები)
· ჰაბიბ ამარი (ტუნისი)
· გლორია გევარა (მექსიკა)
· ზურაბ პოლოლიკაშვილი (საქართველო, მოქმედი გენერალური მდივანი)
· ჰარი თეოჰარისი (საბერძნეთი)
UNWTO-ს გენერალური მდივანი ინიშნება გენერალური ასამბლეის მიერ, აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაციით. კანდიდატის დასამტკიცებლად აუცილებელია ასამბლეის წევრების ხმათა ორი მესამედი. UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭო 2025 წლის 29-30 მაისს, ფარული კენჭისყრით შეირჩევს ერთი კანდიდატს გენერალური მდივნის პოსტზე წარსადგენად, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეა 7-11 ნოემბრის სესიაზე უყრის კენჭს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, პოლოლიკაშვილის კანდიდატურას სავარაუდოდ აღარ ეყრება კენჭი, რადგან UNWTO-ს გენერალურ მდივნის არჩევის პროცედურის მიხედვით, წევრი სახელმწიფოს ოფიციალური მხარდაჭერის არსებობა კანდიდატისთვის აუცილებელი პირობაა.