პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს საქართველო საბჭოს სხდომაზე

საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელი არტურ გებალი განმარტავს, რატომ არ იყო მიწვეული საქართველო ვარშავაში საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, სადაც EU-ის კანდიდატი ყველა ქვეყანა იმყოფებოდა.
ის მიზეზად ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას ასახელებს, როდესაც ირაკლი მ საჯაროდ თქვა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებს.
“რაც შეეხება ვარშავაში არმიწვევის საკითხს, ეს იყო 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შედეგი, პრემიერმა საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროინტეგრაციის გზას. შეხვედრა ვარშავაში იყო გაფართოებაში მონაწილე ქვეყნებისთვის, ამიტომ იყო საქართველოს ადგილი ცარიელი. თუმცა მინდა დავადასტურო, რომ მზად ვართ, საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. პოლონეთი თავმჯდომარე ქვეყანაა და ეს ჩვენი პრიორიტეტული საკითხია და ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს”, – ამბობს ის.
ამასთან, არტურ გებალი საუბრობს პოლონეთის მიერ დაწესებულ სანქციებზეც და აღნიშნავს, რომ მათი გაფართოვება საქართველოში სიტუაციაზეა დამოკიდებული.
“ჩვენ დავაწესეთ სანქციები 8 ადამიანის მიმართ. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რომ განხორციელდა რეპრესიები აქ, საქართველოში. შემოვიღეთ შემზღუდავი ზომები იმ პირების მიმართ, რომლებიც დგანან ამ რეპრესიების უკან. ჩვენ არ ვართ მარტო ამ საკითხში, ევროკავშირის ბევრმა წევრმაც იგივე გააკეთა, რაც შეეხება მათ გაფართოებას, ეს დამოკიდებულია საქართველოში სიტუაციაზე, თუ ისევ მოხდება, ჩვენც განვიხილავთ. ჩვენ გვესმის, რომ რაც საქართველოში ახლა ხდება, არ არის ქართველი ხალხის არჩევანი, ჩვენ კი არ ვართ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, პირიქით, მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, მაგრამ ამავდროულად, რეაგირებაც უნდა მოვახდინოთ რეპრესიებზე”, – აღნიშნავს საელჩოს წარმომადგენელი.
8 მაისს ვარშავაში, სადაც დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომა გაიმართა, საქართველოს გარდა გაერთიანების წევრობის ყველა კანდიდატი სახელმწიფო მიიწვიეს.