სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ირაკლი ოქრუაშვილმა მას შემდეგ, რაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, მოსამართლე ნინო თარაშვილს მიმართა კითხვით, თუ რომელ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანდნენ. ოქრუაშვილმა იქვე დასძინა, რომ თუ რუსთავის ციხეში გადაიყვანენ, მხოლოდ დისტანციურად ჩაერთვება და პროცესებზე ვერ ივლის. მან მოსამართლეს მიმართა, რომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომებს არ დაესწრება.
