ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ირწმუნება, რომ საპროტესტო აქციაზე დაშავებულმა ალექსი თირქიამ სამინისტროსგან ოპერაციის დაფინანსებაზე უარი “ერთ-ერთი კლინიკის ექიმის თუ მათი პერსონალის დაუდევრობის გამო” მიიღო.
კერძოდ, მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ “კლინიკის შეცდომის გამო” ალექსი თირქიას განაცხადი არასწორად აიტვირთა ჯანდაცვის პროგრამაში. ის ამბობს, რომ განაცხადის სწორად შევსების შემთხვევაში, ალექსი თირქია დაფინანსებას მიიღებს.
“როგორც ჩანს, თქვენ საუბრობთ, გუშინ, ხელოვნურად ატეხილ აჟიოტაჟზე, ახალი პანიკის გამოწვევის მცდელობაზე. ეს არ არის, რა თქმა უნდა, სინამდვილესთან და რეალობასთან შესაბამისი, ნახევრად ნათქვამი სიმართლე, თუ რაც გინდათ, ის დავარქვათ, მაგრამ, რეალობა არის ასეთი: თუ ერთ-ერთი კლინიკის ექიმის თუ მათი პერსონალის დაუდევრობის გამო, არასწორი მიმართულებით იქნა გამოგზავნილი განაცხადი და ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს გადასარევად იცის კლინიკამაც, თანამშრომლებმაც, რომლებმაც არასწორი დოკუმენტაცია ატვირთეს არასწორ ადგილას, არასწორი ფორმით. […]
ამ კონკრეტულ ჯერზე, რაზეც ეს აჟიოტაჟი იქნა ატეხილი, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უბრალოდ, კლინიკის შეცდომის გამო არასწორად აიტვირთა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რაც არასწორი იყო. ეს გადასარევად იცის თვითონ კლინიკამ და ამ წესით არ ფინანსდება. ამიტომ, მოვუწოდებდი, ასე დაუდევრად პაციენტების ინფორმაციას ნუ მოეპყრობიან კლინიკებში. […] სწორად განაცხადი როგორც შემოვა, როგორც აქამდე იყო, ისე გაგრძელდება. ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ რეალურად ეს პიროვნება კონკრეტულად მიიღებს დაფინანსებას”, – ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
