სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ შექმნილი “წინააღმდეგობის პლატფორმა” ეხმაურება “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ ღია წერილს.
გაერთიანებაში ამბობენ, რომ “წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს – სინამდვილეში უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს: თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას”
“წინააღმდეგობის პლატფორმაში” აცხადებენ, რომ ამერიკა იყო და დღემდე რჩება საქართველოს ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად “დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოებისა და განვითარების გზაზე”.
მათი შეფასებით “მეგობარი აქტი” ქართველი ხალხისადმი აშშ-ს მხარდაჭერის გამოხატულებაა იმ პირობებში, “როცა ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად ბლოკავს ევროპულ პერსპექტივას, ანგრევს ინსტიტუტებს, კლავს დემოკრატიას და ქვეყანას რუსულ იზოლაციაში ექაჩება”
“ჩვენ, “წინააღმდეგობის პლატფორმა”, ვამბობთ: საქართველო არ არის ივანიშვილისა და მისი არალეგიტიმური დაჯგუფების მძევალი. საქართველოს მომავალი, დაცულობა და უსაფრთხოება დაკავშირებულია ძლიერ ევროპასთან, ძლიერ ამერიკასთან. ჩვენი ქვეყნის მარტო და დაუცველად დატოვება წარმოადგენს მტრის ინტერესს. კობახიძის წერილი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ის წარმოადგენს ძალაუფლების მიმტაცებელი მცირე ჯგუფის ინტერესს, რომელიც ცდილობს დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციაში გადარჩენას. ჩვენ უარვყოფთ კონსპირაციებს, ყალბ ბრალდებებს და ანტიდასავლურ კამპანიას, რომელსაც რეჟიმი კოორდინირებულად ახორციელებს. ჩვენი მიზანია არ დავუშვათ ურთიერთობების გაფუჭება აშშ-სთან და ევროპელ მეგობრებთან, რომ ქართველი ხალხი დაუბრკოლებლად დაუბრუნდეს თავის უალტერნატივო მომავალს და განვითარების პერსპექტივას, რაც უკავშირდება ევროკავშირის წევრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან. ჩვენ, “წინააღმდეგობის პლატფორმა”, გამოვხატავთ ქართველი ხალხის საუკუნოვან და ურყევ არჩევანს! დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთსულოვნება! არ დავუშვებთ, რომ ვინმემ გაანადგუროს ათწლეულების მანძილზე ნაშენები ნდობა და მეგობრობა ამერიკასთან. ამ კრიზისიდან, რომელიც რეჟიმის მიერ შეგნებულადაა შექმნილი, არსებობს ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი – ახალი, თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება”, – ვკითხულობთ პლატფორმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, 13 მაისს, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაქვეყნა ღია წერილი, რომლითაც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართავს. წერილში კობახიძე აღიარებს, რომ დღემდე არ შემდგარა უმაღლეს დონეზე კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის.
კობახიძის თქმით, ეს გასაკვირია, რადგან ტრამპთან „ქართული ოცნების“ „ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე“ მოლოდინი ჰქონდათ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც მისი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა.
ამავე თემაზე:
· კობახიძე ტრამპს ღია წერილით მიმართავს
