აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი განახლდა

კვირას, 11 მაისს, ომანში -სა და ირანის მხარეებს შორის თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დასრულდა და მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ სამომავლოდ მოლაპარაკებების გამართვა კვლავ იგეგმება.
ირანისა და აშშ-ის წარმომადგენლები ომანში ატარებენ კონსულტაციების მეოთხე რაუნდს თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. თეირანს შეხვედრაზე წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, ვაშინგტონს კი ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
8 მაისს ამერიკულ მედიასთან საუბარში სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ აშშ მოითხოვს, ირანმა ურანის გამდიდრებაზე უარი თქვას და ბირთვული ობიექტების სრული დემონტაჟი მოახდინოს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ომანის დედაქალაქში მიმდინარე მოლაპარაკებებს მეოთხე რაუნდის დაწყებამდე განაცხადა, რომ თეირანი ბირთვულ პროგრამაზე უარს არ იტყვის.
„ირანის ისლამურ რესპუბლიკას აქვს კარგად ცნობილი პოზიცია, რომელიც ეფუძნება მკაფიო პრინციპებს. ჩვენი პოზიცია სრულად გამჭვირვალეა. ირანის ბირთვული პროგრამა ეფუძნება მყარ სამართლებრივ და ლეგიტიმურ საფუძვლებს და მისი ყველა მშვიდობიანი ასპექტი ყოველთვის იყო და კვლავაც იქნება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. ეს არის ირანელი ხალხის უფლებების ნაწილი და არ ექვემდებარება მოლაპარაკებას ან კომპრომისს. ურანის გამდიდრება არის ირანელი ერის ერთ-ერთი მიღწევა და სიამაყის წყარო. იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებების ამ რაუნდში ჩვენ შევძლებთ, გვქონდეს სრულიად კონსტრუქციული და მომავალზე ორიენტირებული მოლაპარაკება, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრინციპული პოზიციების შენარჩუნებით. და როგორც არაერთხელ მითქვამს, კვლავ ვიმეორებ: თუ მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკას არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ეს სრულიად მიღწევადია და შეთანხმება ამ მიზნით ნამდვილად შესაძლებელია. მაგრამ თუ არსებობს არაგონივრული, არარეალისტური მოთხოვნები, რომელთა განხორციელება შეუძლებელია, მაშინ, ბუნებრივია, მოლაპარაკებები სირთულეებს წააწყდება“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, აშშ-სა და ირანის წინა კონსულტაციები მასკატსა და რომში 12, 19 და 26 აპრილს გაიმართა. მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტი საუდის არაბეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტს გეგმავს.