თბილისში, ძაღლის გასეირნებისას წარმოქმნილი კონფლიქტის გამო დაკავებულ გურამ ელიზბარაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა

ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის, თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებით, მის შვილს, თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულ გურამ ელიზბარაშვილს წუხელ, გვიან ღამით, ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ელიზბარაშვილმა განმარტა, მისი შვილი იარაღით დაჭრეს, ბევრი სისხლი დაკარგა, რის გამოც, მას წუხელ, ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.
„სათვალთვალო კამერების კადრებში გამოჩნდება ყველაფერი, ფაქტია, რომ ჩემი შვილი დაჭრილია და ფაქტია, რომ ჩემ შვილს არ დაუწყია ეს სკანდალი და ჩხუბი, იმ ნაძირალამ დაიწყო ძაღლზე ძალადობა, განა ქუჩის ძაღლზე, ჩემი შვილის ოჯახის ოთხფეხა წევრზე, პატარა ჯიშის ძაღლზე, 2-კილომდეც არ არის.
მე ვითხოვ, ჩემი შვილის უფლებების დაცვას, თუ ის დამნაშავეა, რა თქმა უნდა, დაისაჯოს და პასუხი აგოს, მაგრამ თუ ის ყაზახია დამნაშავე, იმანაც პასუხი აგოს, მხოლოდ ჩემმა შვილმა რატომ უნდა აგოს პასუხი?!
ჩემი შვილი დაჭრილია, იქ სხვა არავინ იყო, ის ყაზახი და ჩემი შვილი იყვნენ, კოსმოსიდან სხვა ვერ ესროდა, ჩემი შვილი იარაღითაა დაჭრილი“, – განაცხადა ელიზბარაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისში, მომხდარ დაპირისპირებაზე, რაც ყაზახეთის მოქალაქესა და გურამ ელიზბარაშვილს შორის ძაღლის გასეირნებას მოჰყვა, სამართალდამცავებმა გურამ ელიზბარაშვილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.