გიორგი ლობჟანიძე: სატირალია, როცა თეატრალები, მსახიობები პოლიტიკურ კონტექსტისა და ქვენა გრძნობების მიხედვით მსჯელობენ კოლეგაზე!

სპექტაკლი არ მინახავს, მაგრამ…
ყოველთვის ვიცავდი და ბოლომდე, თანამიმდევრულად დავიცავ ხელოვნებაში გამოხატვის თავისუფლებას!
მე ვიცი, რომ სამეფო თეატრს უამრავი მაყურებელი ჰყავს, არნახულად პოპულარულია და ეს, უპირველეს ყოვლისა, დათა თავაძის მისი ნიჭის დამსახურებაა! ნიჭიერ კაცს სრული უფლება აქვს ისე გადაწყვიტოს ყველაფერი, როგორც იმ წუთას სწორად და გამართლებულად მიაჩნია!
ასე ატყდა სკანდალი თავის დროზე ლაშა ბუღაძის მოთხრობაზეც! არადა, ჩემი აზრით, თამარ მეფისა და მისი ტრაგიკული ბედისადმი თანაგრძნობითა და სიყვარულით სავსე მოთხრობაა!
დათა თავაძის სპექტაკლის ამ ფრაგმენტში, რასაც ასე უკონტექსტოდ და უცერემონიოდ ატრიალებენ, მეც საშინლად მომჭრა ყური ერთი-ორმა ფრაზამ! მაგრამ, იქნებ სწორედ ამისთვის არის ეს ფრაზები, რომ ყური მოგვჭრას! აბა, სხვანაირად ნათქვამი უკვე აღარ გვესმის და გულს აღარ გვითრთოლებს!
ძალიან სასაცილოები ვართ, როდესაც კონკრეტულ სპექტაკლზე ისე ვმსჯელობთ და მითუმეტეს, ვილაშქრებთ მის წინააღმდეგ, რომ ეს სპექტაკლი არა გვაქვს ნანახი და შეიძლება, თეატრში ერთხელაც კი არა ვართ ნამყოფები! სატირალია, როცა თეატრალები, მსახიობები პოლიტიკურ კონტექსტისა და ქვენა გრძნობების მიხედვით მსჯელობენ კოლეგაზე!
ძალიან გთხოვთ, მიიღეთ ეს სტატუსი იმ პრინციპის მხარდაჭერად, რაზეც თავში მოგახსენეთ და ნუ გამოყენებთ მას კომენტარებში ვინმეს სალანძღავად! ისედაც იმდენი ვერბალური შხამი იფრქვევა და ამ შხამს გვაყლაპებენ აქედან თუ იქიდან, რომ როგორ უნდა მოვინელოთ და გადავრჩეთ, არ ვიცი…” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი ლობჟანიძე.