„ვერ ვიტყვი, რომ „მეგობარი აქტის“ მიღება უნდა გვიხაროდეს, რადგან რეალურად, ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიმართაა მიღებული, მაგრამ დასანქცირდებიან ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე“, — განაცხადა საქართველოს მეხუთე სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღების შესახებ.
„ამას შევცვლით, როცა რეჟიმს შევცვლით. ეს რეჟიმი დასასანქცირებელია, სხვა გამოსავალი არ არის და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ეს იციან. არ შეიძლება საქართველოდან ოფიციალური პირები ამერიკას აბრალებდნენ ხან ომის პარტიობას, ხან „დიფ სთეითობას“, ხან რას და ხან რას, ეს მიუღებელია! ეს არის ამერიკის, როგორც მეგობრის პასუხი. ჩვენ დავიბრუნებთ მეგობარს, როგორც კი ეს რეჟიმი შეიცვლება. დავიბრუნებთ არა მხოლოდ ამერიკის მეგობრობას, არამედ სტრატეგიულ პარტნიორობას და იმ შესაძლებლობებს, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია ამერიკასთან და თავისუფალ ვაჭრობა“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს არ ჰქონია უვიზო მიმოსვლა ან თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სთან, რასაც ქვეყნის დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში ითვალისწინებდა „მეგობარი აქტის“ თავდაპირველია ვერსია, თუმცა წარმომადგენელთა პალატის დამტკიცებულ კანონპროექტში ასეთი ჩანაწერი აღარ არის.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა ასევე დააანონსა 9 მაისისა და 26 მაისის აღნიშვნა.
„9 მაისს, ევროპის დღეს უნდა გამოვიდეთ და ევროპა უნდა დავუპირისპიროთ რუსიფიკაციას; დავუპირისპიროთ ის ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც თუ რამე მოუვიდა, ჩვენ დავიბრუნებთ. გუშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ, [ხალხმა] ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველა ერთად — პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი, კულტურა, ყველა ერთად, საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს.
26 მაისი ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლოა და დღეს, საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია!“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
