აზერბაიჯანის მმართველი პარტიის დეპუტატის, აზერ ბადამოვის რუსეთიდან დეპორტაცია, როგორც ბაქოში ვარაუდობენ უკავშირდება ბადამოვის საჯარო შეურაცხმყოფელ განცხადებას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ ნიკოლაი ვალუევის მიმართ, როდესაც მან რუს დეპუტატს “საკუთარ განვითარებაში სადღაც ნეანდერტალელსა და ჰომო საპიენსს შორის არის გაჭედილი“ უწოდა.
აზერ ბადამოვი, რომელიც აზერბაიჯანის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და მეწარმეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, მონაწილეობდა დსთ-ის საპარლამენტო ასამბლეასა და აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის შერეულ კომისიაში. ის რუსეთის ტერიტორიაზე ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, თუმცა მოსკოვის აეროპორტში დააკავეს და გამოაძევეს ქვეყნიდან.
ანტიაზერბაიჯანული განცხადებების გამო, ბაქომ ნიკოლაი ვალუევს, რუსეთის სახელმწიფო დუმის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, აზერბაიჯანში შესვლა აუკრძალა.
