ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, ლედი გაგას უფასო კონცერტს 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო

ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, ლედი გაგას უფასო კონცერტს 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო. თუმცა, 3 მაისს გამართულ რეკორდულად მასშტაბურ ღონისძიებაზე დამსწრე ადამიანები ტერაქტს გადაურჩნენ. ბრაზილიის პოლიციამ დააკავა ორი ადამიანი, რომლებიც გაგას კონცერტზე მყოფ ლგბტქ ფანებზე კოორდინირებულ თავდასხმას ამზადებდნენ თვითნაკეთი ასაფეთქებლებითა და მოლოტოვის კოქტეილებით. პოლიციის ცნობით, წყვილი გეგმის სისრულეში მოსაყვანად თანამზრახველებს ეძებდა, თავდასხმის მიზნად კი “სოციალურ ქსელში ცნობადობის მოპოვება” სახელდება.

საგანგებო ოპერაციის შედეგად, აღმოაჩინეს კიდევ ერთი პირი, რომელიც კონცერტზე ბავშვის მოკვლით “სატანისტური რიტუალის” ჩატარებას აპირებდა. აღნიშნული პირი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს. იგი აცხადებდა, რომ “ლედი გაგა სატანისტი იყო” და სურდა, “იმავე გზით” ეპასუხა.

პოლიციის განცხადებით, დაკავებულები ონლაინჯგუფის წევრები იყვნენ. ჯგუფი ახალგაზრდების რადიკალიზებას, ასევე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, თვითდაზიანების, პედოფილიისა და ძალადობრივი ქმედებების წახალისებას ცდილობდა. გამოძიება ასკვნის, რომ ბრალდებულებს მიზანში ჰყავდათ ამოღებული კონცერტზე მყოფი ლგბტქ ფანები; ლედი გაგა კი ლგბტქ ადამიანების აქტიური მხარდამჭერია.

პოპვარსკვლავის წარმომადგენელი ამბობს, რომ კონცერტამდე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები არ არსებობდა, გამოძიების და მისი შედეგების შესახებ კი მომდევნო დღეს შეიტყვეს მედიით. პოლიციაც ადასტურებს, რომ ოპერაცია განსაკუთრებული სიფრთხილით ჩატარდა, რათა “ინფორმაცია არ დამახინჯებულიყო” და მას “საზოგადოებაში პანიკა არ მოჰყოლოდა”.

კოპაკაბანის პლაჟზე მყოფ 2-მილიონიან აუდიტორიას კი ლედი გაგამ ინსტაგრამზეც გადაუხადა მადლობა და კონცერტი “ისტორიულ მომენტად” მოიხსენია.

ღონისძიება ნამდვილად იყო ისტორიული: გაგას შოუს უფრო მეტი ადამიანი დაესწრო, ვიდრე მადონას ტურნეს ფინალურ კონცერტს შარშან, რომელიც ასევე რიო-დე-ჟანეიროში ჩატარდა. პოპის დედოფლის მოსასმენად, კოპაკაბანის პლაჟზე გასული წლის მაისში 1,6 მილიონი ადამიანი შეიკრიბა. სპონსორებთან ერთად, მაშინ ქალაქის ხელისუფლებამ კონცერტისთვის 20 მილიონი ბრაზილიური რეალი (~9,6 ლარი) გამოყო.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – სანქციებზე საუბარი მძიმეა, მაგრამ რეალობა მოიტანეს ხელისუფლებაში თვითმარქვიებმა, თვითონ არიან „MEGOBARI აქტის“ თანაავტორები – ვითარების გამოსწორების გასაღები არსებობს, რაც „ქართული ოცნებისთვისაც“ შანსია

ნიკა მელია – დემოკრატიული მსოფლიოსთვის ივანიშვილის რეჟიმი იქნება აბსოლუტურად მიუღებელი – მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით შედეგი რეჟიმის უკან დახევის სახით არ გვაქვს, იმას არ ნიშნავს, რომ არ დაიხევს