რუსეთის ელჩმა სომხეთში, სერგეი კოპირკინმა, სომხურ პორტალ 168.am-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი იმედოვნებს, სომხეთის ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყნის გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგობის „მეორე ფრონტად“.
იდენტური მესიჯბოქსი წლების განმავლობაში [უკრაინის ომის დაწყების შემდეგ] გამოყენებულია საქართველოში – როგორც კრემლის, ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ – რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ძირითადი გზავნილია, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას.
მისი თქმით, მოსკოვი დიდი ხანია აკვირდება იმას, რომ რეგიონში აქტიური დასავლური ქვეყნების მშვიდობიანი განცხადებების უკან სულაც არ დგას კეთილი განზრახვები.
“მათმა ოფიციალური წარმომადგენლები უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ფაქტობრივად თავადვე დაადასტურეს ეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების ოფიციალურმა პირებმა მოიხსნეს ნიღბები და ღიად განაცხადეს, რომ ცდილობენ შეამცირონ რუსეთის, ასევე ირანისა და ჩინეთის „ავტორიტარული გავლენა“ სამხრეთ კავკასიაში”.
მისი თქმით, დასავლეთის მიზანია მოსკოვი- ერევნის პარტნიორობის შერყევა.
„სომხეთს, როგორც სუვერენულ ქვეყანას, რა თქმა უნდა, აქვს სრული უფლება, თავად განსაზღვროს, ვისთან ააშენებს ურთიერთობებს. თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სომეხი პარტნიორები არ დაუშვებენ, რომ დასავლეთში მოქმედმა რუსოფობიურმა ძალებმა გამოიყენონ მათი მშვენიერი ქვეყანა რეგიონში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ფრონტის გასახსნელად. ასევე, არ დააყენებენ საფრთხის ქვეშ თავიანთ მონაწილეობას ევრაზიული ინტეგრაციის დინამიკურად განვითარებულ პროცესებში,“ — განაცხადა კოპირკინმა.
