„რადიო თავისუფლებამ“ ჩაწერა შანიძის ქუჩაზე სროლის თვითმხილველი და საქმის მთავარი მოწმე. ქალი იხსენებს, რომ სასტუმროს ფანჯარაში თავდაპირველად თეთრმაისურიანი, თმაშეკრული კაცი დაინახა.
ამასობაში ბავშვები მივიდნენ მანქანასთან, გააღეს კარი, უკვე ვფიქრობ, რომ სიტუაცია განიმუხტა, მეც წავალ და უცებ, იღება სასტუმროს კარი, გამოდის ეს ხანშიშესული კაცი, ხელების შლით მიდის ბიჭებისკენ და უყვირის: „კი მაგრამ, აქ რა ხდება, ბიჭებო“. რომელიღაცა ბიჭმა უპასუხა: „არაფერი, ბაბუ!“ ეს კაცი რომ არ გამოსულიყო, ბავშვები უკვე წასულები იქნებოდნენ. ამ კაცმა შეაფერხა ეს ბავშვები. ეს შეგნებულად ქნა თუ უტვინობით მოუვიდა, არ ვიცი, ამ კაცმა შეაფერხა ეს ბავშვები… ვფიქრობ, რომ ეს ბიჭი ფანჯარაშივე უკვე შეიარაღებული იყო, რადგან ისეთი სისწრაფით გაჩნდა გარეთ, ვერც კი აგიღწერთ. რამდენიმე წამში აღმოჩნდა ზუსტად ჩემს წინ. მაქცია ზურგი და მაშინვე წაიღო ხელი მარჯვენა ჯიბისკენ. თავიდან სიმართლე გითხრათ, მეგონა, დანას ამოიღებდა. ხომ არის მომენტი, რომ გინდა რაღაცას არ უყურო, სიმწრით რომ ხუჭავ თვალებს, უცებ დავხარე თავი, რომ ამეკრიფა პოლიციის ნომერი და ვხედავ, რომ სწრაფად იძვრება მანქანა. სავარაუდოდ, ბავშვებმა უკვე დაინახეს, რომ მას იარაღი ჰქონდა. ეგრევე ატეხა სროლა. იდგა გზაზე და ისროდა. ამ კაცის დედა და ის ხანშიშესული კაცი იქვე, პალმების ქვეშ იდგნენ. რეაქცია არ ჰქონიათ… ხომ იმიტომ გავჩერდი, რომ იქ სიტუაცია არ დაძაბულიყო. მაგრამ არ ვიცი, მეტი რისი გაკეთება შემეძლო მე. ყველაზე დიდი ტანჯვა ახლა ჩემთვის არის ის, რომ ესენი იყვნენ… ყველა ბავშვი კარგია, უბრალოდ, სხვა რამის თქმა მინდა, სიტყვა არ დასცდენიათ ამ ბავშვებს ცუდი, გადაბრუნებული. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ერთი სიტყვა არ დასცდენიათ ამ ბავშვებს ცუდი, მართლა არაფერი, იდგნენ მის პირისპირ, რომელსაც ესენი უნდა დაეხოცა. ეს ბიჭები მანქანისკენ რომ არ წასულიყვნენ და საუბარი ფანჯრის ქვეშ გაგრძელებულიყო, ვფიქრობ, რომ ფანჯრიდანვე დახოცავდა.“ – უყვება მოწმე „რადიო თავისუფლებას“




