იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების მშობლები არიან შეკრებილები. მოსამართლეთა კონფერენციის პარალელურად ისინი საპროტესტო აქციას მართავენ და ცდილობენ ხმა გააგონონ ის მოსამართლეებს, რომლებიც მათი შვილების საქმეებს განიხილავენ.
დაკავებულთა მშობლების მხარდასაჭერად იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან მივიდნენ რიგითი მოქალაქეები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი ცდილობენ ე.წ. სირცხვილის დერეფანში გაატარონ კონფერენციაზე შესული, ან იქიდან გამოსული ადამიანები. ისმის შეძახილები – “მონებო”.
“გამომიკეტეს ტყუილად 5 თვეა. ბავშვი განათლებას უნდა იღებდეს და არის ციხეში. რის გამო? არაფრის გამო. სამხილები არ არ არსებობს”, – ამბობს ნარგიზ დავითაძე, ზვიად ცეცხლაძის დედა, რომელიც გულზე საკუთარი შვილის სურათი აქვს დაკიდებული, ხოლო ხელში იმ მოსამართლის [ირაკლი ხუსკივაძე] ფოტო უჭირავს, რომელმაც ის პატიმრობაში დატოვა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ისინი შეკრებილებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესასვლელთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევენ. პერიოდულად დაპირისპირებაა მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის. ერთ-ერთმა პოლიციელმა დაკავებულთა მშობლების მისამართით შეიგინა, რასაც ხმაური მოჰყვა.
