„ლიდსი იუნაიტედმა“, შესაძლოა, პრემიერლიგაში დაწინაურების შემდეგ ჩემპიონშიფის სამი ვარსკვლავი დაიმატოს, მათ შორის კი გიორგი ჩაკვეტაძეა, — ინფორმაციას გამოცემა LeedsAllOver-ი ავრცელებს.
ამ სიაში მოხვდა ჯუდ ბელინგემის ძმაც, 19 წლის ჯობ ბელინგემი, „სანდერლენდის“ ცენტრალური ნახევარმცველი. თუმცა ტრანსფერი დამოკიდებულია იმაზე, დაწინაურდება თუ არა „სანდერლენდი“ პრემიერლიგაში პლეი ოფის გზით.
„„ლიდსი იუნაიტედი“ უკვე დაბრუნდა პრემიერლიგაში და ზაფხულში, შესაძლოა, ჩემპიონშიფის სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაიმატოს. გუნდში აქტიურად გეგმავენ შემადგენლობის გაძლიერებას, რათა უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება შეძლონ.
„ყოველ ჯერზე, როდესაც „უოტფორდი“ კარგად თამაშობდა, მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში წერდნენ, თუ რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა მათზე გიორგი ჩაკვეტაძემ.
სამწუხაროდ, მან სეზონი ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა. საქართველოს ნაკრების წევრი ბრწყინვალედ თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ მის ანგარიშზე მხოლოდ ორი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემაა, ეს ხელს არ უშლიდა ჩაკვეტაძეს, რომ მაღალი დონის ფეხბურთი ეჩვენებინა.
25 წლის მოთამაშე, რომელიც პრემიერლიგის გარეთ ერთ-ერთ საუკეთესო დრიბლიორად და ბურთის წამღებად ითვლება, იდეალურია შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. „ლიდსს“ აუცილებლად სჭირდება ასეთი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია სირთულეების დაძლევა და თამაშის ბედის ინდივიდუალურად გადაწყვეტა.
„ლიდსს“ სჭირდება ძლიერი, ფიზიკურად მომზადებული ფეხბურთელები, ხოლო ჩაკვეტაძის სახით „უოტფორდს“ ჰყავს მოთამაშე, რომელსაც პრემიერლიგის კლუბებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება“, — წერს ინგლისური გამოცემა.
სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ლიდსმა“ 97 ქულა დააგროვა და პრემიერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.
