საელჩოდან გამათავისუფლეს ერთობლივ პეტიციაზე ხელის მოწერის გამო – გიორგი კობახიძე

ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ყოფილი მდივანი, გიორგი აცხადებს, რომ საელჩოდან ერთობლივ პეტიციაზე ხელის მოწერის გამო გაათავისუფლეს.
„ამ პეტიციის ხელმოწერისთანავე უკვე იყო ცნობები ასე ვთქვათ, შიდა საუბრები, რომ ის ხალხი, ვინც ხელი მოაწერა ამ პეტიციას, სავარაუდოდ, გათავისუფლებული იქნებოდნენ დაკავებული თანამდებობიდან. ვიყავი ადმინისტრაციული პერსონალის წევრი და ვიყავი ხელშეკრულებით დასაქმებული. 7 აპრილს მოვიდა ახალი ბრძანება, სადაც ეწერა, რომ მხოლოდ ერთი თვით იყო გახანგრძლივებული ჩემი ხელშეკრულება, ამ ოფიციალურ ცნობასთან ერთად მოვიდა სიტყვიერი ცნობაც, რომ სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, უკვე აღარ გაგრძელდება ჩემი ხელშეკრულება“, – განაცხადა გიორგი კობახიძე „ტვ პირველთან“.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, რეორგანიზაცია „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაიწყო.
2024 წლის დეკემბრის ბოლოდან დღემდე არაერთი საჯარო უწყებიდან ასობით საჯარო მოხელე მოულოდნელად გაათავისუფლეს. ისინი ამ პროცესს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ. კერძოდ, „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას უკავშირდება, არაერთი საჯარო მოსამსახურე გაემიჯნა ხელისუფლების პოზიციას, ბევრმა საჯარო მოსამსახურემ, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად, გაავრცელა საჯარო განცხადება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულებასთან დაკავშირებით.
საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აიოლებს 2024 წლის ბოლოს, “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით, 2 დღეში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს, 27 სხვა კანონპროექტთან ერთად მოაწერა ხელი.
კანონში შესული ცვლილებებით საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხები გამარტივდა. მიღებული ცვლილებებით შესაძლებელი გახდა, რომ რეორგანიზაციით დასაქმებულები სამსახურიდან ავტომატურად გათავისუფლდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ