აშშ-ის სენატი თანახმაა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს

აშშ-ში 72-მა სენატორმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, თუ ის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს იტყვის. ამის შესახებ განაცხადა ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა – იუწყება „ბლუმბერგი“.
The Wall Street Journal-ის ცნობით, დოკუმენტის თანაავტორთა რაოდენობამ გადააჭარბა საკვანძო ზღვარს, 60-ს, რაც საკმარისია სენატში მის მისაღებად. კანონპროექტის ხელმომწერებს შორის არიან ორივე პარტიის ლიდერები: რესპუბლიკელი ჯონ თუნი და დემოკრატი ჩაკ შუმერი.
გრემმა თქვა, რომ ახალი სანქციები შეიძლება „ძვლებში მმტვრეველი“ (bone-crushing) აღმოჩნდეს და დასძინა „მიზანია, დავეხმაროთ პრეზიდენტს“. სენატორი ტრამპის ახლო მოკავშირედ ითვლება.
„ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ გრემის განცხადება დაემთხვა აშშ-სა და უკრაინის მიერ ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას.
კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც პირველად, ასევე მეორად სანქციებს. კერძოდ, 500%-იანი გადასახადი დაუწესდება იმპორტს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსული ნავთობის, გაზის, ურანის ან ნავთობპროდუქტების შემცველ პროდუქციას ყიდიან. ასევე შემოთავაზებულია, რომ ამერიკულ ბანკებს აეკრძალოთ რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში ინვესტირება და აშშ-ის მოქალაქეებს აეკრძალოთ რუსული სახელმწიფო ობლიგაციების შეძენა.
მანამდე, კიევთან და მოსკოვთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის მოლაპარაკებების გამო ვაშინგტონმა სანქციების ნაწილობრივი მოხსნა დაუშვა, თუმცა შეთანხმებების დარღვევის შემთხვევაში ახალი სანქციების დაწესების შესახებ გააფრთხილა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)