„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურის თანამშრომელი მირანდა ბაღათურია თბილისის საქალაქო სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა. მას ედავებიან პოლიციელისთვის „მონისა“ და „ცრუ მოწმის“ დაძახებას. საქმეში არ დევს მტკიცებულება, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებდა.
17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული საბა სხვიტარიძის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საქმე განიხილებოდა. ამ დღეს მოწმის სახით გამოჰკითხეს პოლიციელი მირიან ქავთარაძე – რომელსაც აქტივისტები ცრუ მოწმეს უწოდებენ. სწორედ ამ დღეს ეძახდნენ ქავთარაძეს „მონას“ და „ცრუ მოწმეს“.
მირანდა ბაღათურიას სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ 23 აპრილს შეატყობინეს. ამ დღეს მან სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ იმ დღეს საერთოდ არ უნახავს პოლიციელი (მირიან ქავთარაძე) რომლის შეურაცხყოფასაც ედავებიან:
„[მირიან ქავთარაძე] საერთოდ ვერ დავინახე, უკვე წასული დამხვდა“.
მის მსგავსად 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურის კიდევ ერთ თანამშრომელს, ანა ყურაშვილს. როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, არც მის საქმეში ჩადებული მტკიცებულება ასახავდა სამართალდარღვევას, რომელსაც პოლიცია მას ედავებოდა – მტკიცებულების მიზანი მისი პიროვნების შესახებ მოსამართლისთვის წარმოდგენის შექმნა იყო.
მოსამართლემ ორივე შემთხვევაში გაიზიარა პოლიციელების მონათხორობი და მირანდა ბაღათურიასაც და ანა ყურაშვილსაც ჯარიმა დააკისრა.
ფორუმი




