გულის სიღრმეში, რადგან საქმე მირიან ქავთარაძეს ეხება, ველოდი პატიმრობის შუამდგომლობას, მაგრამ მაინც, როცა 2 ქალმა გააჟღერა ეს, რომ ვითომ ჩვენ კრიმინალები ვართ, სახტად დავრჩი – მოსამართლემ 4000 ლარიანი ჯარიმით გამომიშვა იმისთვის, რაც არ ჩამიდენია,- ამის შესახებ „ახალის“ პრესსამსახურის თანამშრომელმა, მირანდა ბაღათურიამ განაცხადა, რითაც მოსამართლის მიერ მის 4000 ლარით დაჯარიმებას გამოეხმაურა.
ბაღათურიას თქმით, იმ დღეს, როდესაც მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან, ქავთარაძე საერთოდ არ უნახავს.
„დარბაზში სრული აბსურდი ხდებოდა, საქმეზე მხოლოდ და მხოლოდ 4 მოწმე არსებობს, არანაირი ვიდეო ან აუდიო მტკიცებულება. მე 17 აპრილს მირიან ქავთარაძე საერთოდ არ მინახავს. მე ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესს ვესწრებოდი. მედავებიან მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას, თითქოს მე მას გავეკიდე და მონა ვეძახე. არ შემიძლია ადამიანების მიმართ მსგავსი წამოძახილები, თუმცა ვთვლი, რომ მირიან ქავთარაძე ცრუ მოწმეა. მიუხედავად იმისა, იმ დღეს არანაირი გადაკვეთაში მასთან არ ვყოფილვარ. მთავარი ისაა, რომ ძალიან მარტივად შეეძლოთ, ფოიეში კამერებიდან კადრების ამოღება.
გულის სიღრმეში, რადგან საქმე მირიან ქავთარაძეს ეხება, ველოდი პატიმრობის შუამდგომლობას, მაგრამ მაინც, როცა 2 ქალმა გააჟღერა ეს, რომ ვითომ ჩვენ კრიმინალები ვართ, სახტად დავრჩი. მიუხედავად იმისა, რომ მეგონა, მოსამართლე ძალიან სამართლიანი იყო, ჩემი აზრით, უნდოდა. ამაზე მეტყველებს, პოლიციელების მობილიზებაც, უბრალოდ აქ რომ ატყდა ამბავი, შეცვალა და 4000 ლარიანი ჯარიმით გამომიშვა იმისთვის, რაც არ ჩამიდენია“,- განაცხადა მირანდა ბაღათურიამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. შსს კი ორივესთვის პატიმრობას ითხოვდა.
