აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ფხენიანის “პირდაპირი მონაწილეობით შეშფოთებულია”. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
მედიისთვის ელფოსტით გაკეთებულ განცხადებაში, დეპარტამენტის სპიკერი, ტემი ბრიუსი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეის “სამხედრო განთავსება რუსეთში და ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია [ჩრდილოეთ კორეას] საპასუხოდ უწევს, უნდა შეწყდეს”.
28 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს კურსკის ოლქში ტერიტორიების დაბრუნებაში დასახმარებლად ჩრდილოკორეელი სამხედროების გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა.
“კორეელმა მეგობრებმა იმოქმედეს სოლიდარობის, სამართლიანობისა და ამხანაგობის გრძნობით. ჩვენ ამას მეტად ვაფასებთ და ღრმად მადლიერები ვართ პერსონალურად ამხანაგი კიმ ჩენ ინისა და ჩრდილოკორეელი ხალხის მიმართ”. – თქვა პუტინმა კრემლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით.
პუტინის სამადლობელ სიტყვას წინ უძღვის ფხენიანის მიერ რუსეთში სამხედროების გაგზავნის შესახებ არსებული ცნობების პირველად დადასტურება.
ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ 28 აპრილს პირველად დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთკორეელი სამხედროები იბრძოდნენ.
მედიის მიხედვით, სამხედროები ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთთან დადებული ორმხრივი თავდაცვის შეთანხმების ფარგლებში გაგზავნა.
“კურსკის გათავისუფლების ოპერაცია, უკრაინის ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციაში შეჭრის მოსაგერიებლად გამარჯვებით დასრულდა” – თქვა კიმ ჩენ ინმა.