ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს 13:00 საათზე გაგრძელდება.
სასამართლოში პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა გამოკითხვა განახლდება. წინა სასამართლო სხდომებზე გამოიკითხნენ გამომძიებლები და პოლიციელები, რომლებიც მზია ამაღლობელის უშუალოდ დაკავების და შემდგომ პროცესებში იყვნენ ჩართული.
ადვოკატები მიაჩნიათ, რომ წინა სასამართლო სხდომებზე გამოიკვეთა პოლიციელების ცრუ ჩვენება, ასევე, ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებას აძლევენ სასამართლოს.
საქმეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
