„თავისუფლება მზიას!“ – მორიგი აქცია ბათუმში „ბათუმელების“ დამფუძნებლის მხარდასაჭერად

ბათუმში დღეს, საღამოს მორიგი აქცია დაიწყო დამოუკიდებელი გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლის, დაპატიმრებული მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, მისი გათავისუფლების მოთხოვნით.
მზია ამაღლობელის პატიმრობის 103-ე დღეს, 25 აპრილს, 18:00 საათიდან ბათუმში, ევროპის მოედანზე ჟურნალისტები, მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სხვა მოქალაქეები შეიკრიბნენ.
დემონსტრანტების მიერ მიტანილ ბანერებზე წერია: „თუ არ იქნება მედია, ვინ გააკონტროლებს ბიუჯეტის ხარჯვას“? „ვინ გამოავლენს ნეპოტიზმს თუ არა მედია“? „მედიასთან ომს აგებს ხელისუფლება“, თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „სილის გაწვნა დანაშაული არ არის“ და ა.შ..
„მზია არის თავისუფალი სიტყვის სიმბოლო იმ დროს, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავრობა თავისუფალი სიტყვის გაქრობას ცდილობს“, – ამბობს „ბათუმელების“ რეპორტიორი პირდაპირ ეთერში.
„სისხლი სილის წილ“? „გეწყინა თუ გეტკინა“? – წერია ასევე დემონსტრანტების მიერ მიტანილ ბანერებზე.
ბოლო კითხვა მიემართება -ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ს სამმართველოს უფროსს, ირაკლი დგებუაძეს, რომელიც ჩვენებაში წერს, რომ მზია ამაღლობელის მიერ მისთვის სილის გაწვნის შემდეგ ტკივილი განიცადა და ლოყა გაუწითლდა.
ამაღლობელს სწორედ დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან – მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამაღლობელის პატიმრობას ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნების უმეტესობის მთავრობები, საერთაშორისო უფლებადაცვითი და პრესის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, – ისევე, როგორც საქართველოში არსებული მრავალფეროვანი პროდემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები, – პოლიტიკურად მოტივირებულად და უკანონოდ მიიჩნევენ.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი კიდევ უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ თითქოს ამაღლობელი „დავალებით მოქმედებდა“, „მისი დაკვეთა იყო შეურაცხყოფის მიყენება პოლიციელისადმი“ და „მისი დაკვეთა იყო პოლიციელის ღირსების შელახვა“.
ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა კობახიძის ამ ნათქვამს ასე უპასუხა:
„მინდა დავუდასტურო ბატონ ს, რომ მზიას ქმედება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც შეურაცხყოფა. მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ მისდა გასაკვირად, შეურაცხყოფა არ არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება“.
„მან ბრძანა, რომ მზიამ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. შესაბამისად, ასეთ პირობებში მზია ამაღლობელის ბრალდება და პატიმრობა არის უკანონო“, – განაცხადა მწარიაშვილმა 17 აპრილს.
იმ დროს, როდესაც ამაღლობელს სილის გაწვნის გამო პატიმრობა ემუქრება, პოლიციელი როლანდ მესხი, რომელმაც 21 აპრილს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დემონსტრანტ ქალს, 20 წლის ნატო ჭიოკაძეს თმაზე მოქაჩა, დააწინაურეს და შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნეს.
მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნის მე-100 დღეს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“ (IPI) კვლავ გამოხატა სოლიდარობა მისი ოჯახისა და კოლეგების მიმართ და ჟურნალისტის გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა.
„მზიას დაკავება არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აშკარა მცდელობა, ჩაახშონ კრიტიკული ხმები, დააშინოს დამოუკიდებელი ჟურნალისტები და გაანადგუროს ის, რაც დარჩა ქვეყანაში თავისუფალი პრესისგან“, – აცხადებს IPI.
24 აპრილს სალომე ზურაბიშვილმა, როდესაც ისაუბრა „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის შესახებ, განაცხადა:
„მზია ამაღლობელის საკითხი ასევე დგას წინა პლანზე, როგორც ჟურნალისტის ძალიან ძნელ პირობებში და არავის არ უნდა დავავიწყოთ მისი სახელი“.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.

ასევე დაგაინტერესებთ