როცა სასწორის ერთ პინაზე დევს მოგზაურობა გამარტივებული წესით, ხოლო მეორე პინაზე ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და იმისგან თავისუფლება, რომ აქ ვინმემ დავალება მოგვცეს და ქართველებს თითები გვიტკაცუნოს, ეს შანტაჟის მცდელობაა – რაც არ უნდა თითი გვიქნიონ და გვაშანტაჟონ, ყოველთვის კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ! – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ კითხვას, ელოდება თუ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ან გაუქმებას.
გორდულაძე იმასაც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროკავშირის წინაშე ნაკისრს ვალდებულებებს ასრულებს და „მყარად დგომითა და ღირსებით ყველაფერს იზამს, რაც ქართველი ხალხის ინტერესშია“.
„საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მოპოვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შესძლო. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები ზედმიწევნით შესრულდეს. ამისთვის არსებობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება, „ასოცირების შეთანხმება“, სადაც გაწერილია მთელი რიგი დირექტივები, რითაც საქართველოს კანონმდებლობა უნდა დაუახლოვდეს. ამ კუთხით მუშაობა ყოველდღიურად მიდის – იქნება ეს პარლამენტში თუ მთავრობაში.
„ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმული თითოეული ნაბიჯი უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ჩვენი ვალდებულებები შევასრულოთ!
არავის მოვუწოდებთ, რომ თითი დაგვიქნიონ, რაღაცით დაგვემუქრონ და დაგვაშანტაჟონ.
არ შეიძლება თავისუფალი გადადგილება ქართველი ხალხის შანტაჟის საფუძველი გახდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
