გორის ხელოვნების სახლის განცხადებით, უცნობმა პირებმა მათი შენობის ფასადზე დაკიდებულ ევროკავშირის დროშას აალებადი სითხე შეასხეს და დაწვა სცადეს.
“21 აპრილს, 21:00 საათზე, უცნობმა პირებმა ხელოვნების სახლის ფასადზე განთავსებულ ევროკავშირის დროშას აალებადი სითხე შეასხეს და დაწვა სცადეს.
შენობაში ორგანიზაციის გუნდის წევრები იმყოფებოდნენ, თუმცა, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიცია მოვიდა და გამოძიება მიმდინარეობს. სიახლეებს შეგატყობინებთ”. – წერს გორის ხელოვნების სახლი Facebook-ზე.
19 მარტს გორის ხელოვნების სახლმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ სასამართლომ მათი შენობიდან გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო.
“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2024 წლის 25 დეკემბერს ცალკე სასამართლო დავა დაიწყო სივრციდან ჩვენი გამოსახლების შესახებ. სასამართლო სხდომა 2025 წლის 6 მარტს, ჩვენ გარეშე ჩატარდა, რადგან როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ოქმიდან ირკვევა, 2 თვის განმავლობაში, ვერც გორის მერიამ, ვერც სასამართლომ და ვერც პოლიციამ “ვერ გვიპოვა”, რათა სარჩელის ასლი და სხდომის დეტალები გადმოეცათ. შედეგად, სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ჩვენი გამოსახლების შესახებ, რომლის ჩასაბარებლადაც ჩვენი პოვნა აღარ აღმოჩნდა პრობლემა”. – წერს გორის ხელოვნების სახლი.
ცნობისთვის, 2024 წლის 18 დეკემბერს ხელოვნების სახლის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე კოლაბორაციული გამოფენის გახსნიდან 5 დღეში გორის მერიისგან უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტაზე წერილი მიიღეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ “მერიას სჭირდება ხელოვნების სახლის სივრცე, რადგან “მუნიციპალიტეტს არ გააჩნია სხვა შესაბამისი ქონება”.
ვრცლად