უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე, დღეს, ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრა გადაიდო. ოფიციალური დონის მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ მედიისთვის დახურული იქნება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
უკრაინაში ომის დასრულებისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე დღეს ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს უნდა მიეღოთ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ლონდონში არ ჩასულა.
აღნიშნული ინფორმაცია მანამდე Sky News-მა გაავრცელა, რომლის თანახმადაც ხუთი ქვეყნის ოფიციალური პირების მოლაპარაკებებში გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობას არ მიიღებდნენ. თუმცა, გამოცემის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი დღეს პირადად შეხვდება.
