რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა, უარი თქვას პრეტენზიაზე უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხი რეგიონის იმ რაიონებზე, რომლებსაც კიევი აკონტროლებს.
გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს პუტინმა თქვა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრისას, რომელიც 11 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში გაიმართა. პუტინის წინადადებაა უკრაინაში შეჭრის შეჩერება ფრონტის დღევანდელი ხაზის გასწვრივ.
Financial Times-ის წყაროთა თანახმად, ამის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა ანექსირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების წინადადება. ასევე, წინადადება რუსეთის ფაქტობრივი კონტოლის აღიარების შესახებ უკრაინის ოთხი რეგიონის იმ რაიონებზე, რომლებიც ამჟამად რუსეთის ჯარს აქვს დაკავებული.
გამოცემის ცნობითვე, ევროპელი მაღალჩინოსნების გაფრთხილებაა, რომ პუტინმა ეს დათმობა შესაძლოა, სატყუარად გამოიყენოს, რათა ტრამპი დაარწმუნოს სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაშიც.
Financial Times-ის წყაროთა ცნობით, ამჟამად კიევზე ძლიერი ზეწოლაა იმისთვის, რომ მან პოზიციები დათმოს და ტრამპმა თავისი გამარჯვების გამოცხადება შეძლოს.
მას შემდეგ, რაც 17 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები კით კელოგი და სტივ უიტკოფი პარიზში შეხვდნენ უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს, Bloomberg-ი და CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ ამერიკელებმა პარიზში წარმოადგინეს უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების ჩარჩო-შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ეხება რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმზე მოსკოვის კონტროლის აღიარებას.
გამოცემა The Wall Street Journal-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინამ აშშ-ის ამ და კიდევ ერთ წინადადებას, რომელიც ნატოს წევრობაზე უარს ეხება, პასუხი უნდა გასცეს ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე.
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში შეხვედრა დღეს, 23 აპრილს უნდა გაიმართოს. თავდაპირველი ცნობებით, შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიეღო აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს. 22 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რუბიო ლონდონში არ გაემგზავრება. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტამი ბრიუსმა ეს იმით ახსნა, რომ მარკო რუბიოს აქვს გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, თავდაპირველი გეგმები ყოველთვის პირობითია და იცვლება ხოლმე.
პარიზში გამართული შეხვედრების შემდეგ, 18 აპრილს მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს სურს სწრაფად გაარკვიოს, რამდენად რეალურია უახლოეს ხანში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, რადგან თუ ეს შესაძლებელია, მონაწილეობას გააგრძელებენ და თუ არა – აქვთ სხვა პრიორიტეტებიც, რომლებზეც კონცენტრაციაა საჭირო.
Financial Times-ის წყაროთა თანახმად, ლონდონში, უკრაინის და ევროპის სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს არც პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტამი ბრიუსმა 22 აპრილს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ ლონდონის შეხვედრაზე იქნება პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი.
ამერიკული გამოცემა Axios-ის წყაროთა ინფორმაციით, უკრაინას ლონდონში დღევანდელ შეხვედრაზე სურს საომარი მოქმედებების 30 დღით შეწყვეტის საკითხის განხილვა და არა – ტრამპის სამშვიდობო გეგმის პროექტის.
ამასთან, გამოცემის წყაროთა თანახმად, ერთგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გასულ კვირაში, პარიზში წარუდგინა, აღწერილია, როგორც პრეზიდენტ ტრამპის ბოლო წინადადება.
20 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში შეძლებენ.
ორი დღით ადრე, 18 აპრილს ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „კულმინაციას უახლოვდება” და „თუ რაიმე მიზეზით ერთ-ერთი მხარე ძალიან გაართულებს”, აშშ განზე გადგება.
კიევში 22 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ოკუპაციის აღიარებას არ აპირებენ, თუმცა უარყო, რომ ყირიმის შესახებ ამერიკელებისგან წინადადება ოფიციალურად მიიღეს. ზელენსკის თქმით, „ძალიან არ სურთ“ პროცესიდან აშშ-ის გასვლა, რადგან ეს კარგი სიგნალი არ იქნება.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
· უკრაინას, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ თავისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას არ აპირებს, მიზნებად გამოცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღება.
ფორუმი
