აზერბაიჯანში მთავარი ოპოზიციური ფიგურა, თოფიგ იაგუბლუ, უკვე 22 დღეა შიმშილობს საპროტესტო აქციის ფარგლებში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ადვოკატ ფახრედინ მეჰდიევის განცხადებით, თუ არსებული მდგომარეობა კიდევ გაგრძელდა, იაგუბლუს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
„ძნელად გადაადგილდება, ფერმკრთალია, ძალაგამოცლილი, თავბრუსხვევა მოემატა. მან უკვე დაკარგა დაახლოებით 13 კგ. მისი მდგომარეობა დღითიდღე კრიტიკულ ფაზაში გადადის. აუცილებელია მისი სასწრაფოდ გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი სიკვდილი ციხის კედლებში გარდაუვალია”, – განაცხადა მეჰდიევმა 22 აპრილს ტოფიგ იაგუბლუს მონახულების შემდეგ.
სისხლის სამართლის საქმე და პოლიტპატიმრის სტატუსი
თოფიგ იაგუბლუ 2023 წლის 14 დეკემბერს დააკავეს. მას წაყენებული აქვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით: 178.3.2 — თაღლითობა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანის მიყენებით და 320 (და 320.1-320.2) — ოფიციალური დოკუმენტების, ბეჭდების, შტამპების და სიგელების გაყალბება ან მათი გამოყენება.
ბრალდების მიხედვით, იაგუბლუმ გერმანიაში მოქალაქეობის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ ელშენ ჰუსეინოვისგან 25,000 ევრო და 10,000 მანათი აიღო. თავად იაგუბლუ ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ არანაირი თანხა არ მიუღია არცერთი პირისგან. პოლიტიკოსის თქმით, არც ელშენ ჰუსეინოვთან და არც ელნურ მამედოვთან ამ საკითხზე საუბარი არ ჰქონია და აღნიშნულ საქმეში მათი ჩართვა მიზანმიმართული პროვოკაციაა.
წარსული პოლიტიკური დევნა და შიმშილობები
აზერბაიჯანში იაგუბლუ არაერთხელ ყოფილა ადმინისტრაციულ და ხანგრძლივ პატიმრობაში თავისი პოლიტიკური საქმიანობის გამო.
· 2013 წელს ის დააპატიმრეს ისმაილლის პროტესტების ორგანიზების ბრალდებით და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
· 2017 წელს პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდა.
· 2020 წელს “ხულიგნობის” ბრალდებით დააკავეს და მიუსაჯეს 4 წლითა და 3 თვით პატიმრობა. ამ განაჩენის გამოცხადებისთანავე მან შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 17 დღე გაგრძელდა.
· 2021 წელს სასამართლომ შიმშილობისა და ზეწოლის ფონზე პატიმრობა პირობითით ჩაანაცვლა.
· 2025 წლის 10 მარტს კი ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ ის 9 წლით პატიმრობაში დატოვა.
სწორედ ამ უკანასკნელ განაჩენზე პროტესტის ნიშნად, თოფიგ იაგუბლუმ შიმშილობა 2025 წლის 1 აპრილს დაიწყო.
საერთაშორისო გამოხმაურება და აზერბაიჯანის პოზიცია
ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია თოფიგ იაგუბლუს პოლიტიკური პატიმრის სტატუსს ადასტურებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლება კი კვლავ უარყოფს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას და აცხადებს, რომ ყველა პატიმარი მათი მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის იდევნება და არ არსებობს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.



