მედია: აშშ-ის თავდაცვის მინისტრი სამხედრო ოპერაციას Signal-ის კიდევ ერთი ჩატში განიხილავდა

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა იემენში ჰუთი მეამბოხეების საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციის განსახილველად გამოიყენა Signal-ის კიდევ ერთი ჩატი, რომელშიც ჩართული იყო ათზე მეტი პირი, მათ შორის ჰეგსეთის ცოლი, ძმა და ადვოკატი. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან The New York Times-ი, CNN-ი და Reuters-ი.
წყაროთა თანახმად, ჰეგსეთმა ეს ჩატი 2025 წლის იანვარში, თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე შექმნა, თუმცა, პირადი ტელეფონით იყენებდა მინისტრად დამტკიცების შემდეგაც. მედიასაშუალებების ცნობით, პიტ ჰეგსეთმა ჩატში, რომელიც არ იყო განკუთვნილი სამხედრო გეგმის განსახილველად, დაწერა ჰუთების პოზიციების დასაბომბად ამერიკული გამანადგურებლების გაფრენის გრაფიკი.
პიტ ჰეგსეთის ცოლი, რომელიც Fox News-ის ყოფილი პროდიუსერია, თავდაცვის სამინისტროში არ მუშაობს, განსხვავებით ძმისა და ადვოკატისგან, რომლებიც ამჟამად პენტაგონის თანამშრომლები არიან.
ამჟამად -ში მიმდინარეობს გამოძიება მსგავს შემთხვევაზე, როცა დახურულ ჩატში, სადაც ჰუთების საწინააღმდეგო ოპერაციას განიხილავდნენ, გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედქტორიც აღმოჩნდა.
მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ გამოცემა The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლისგან, მაიკ უოლცისგან 13 მარტს მოულოდნელად მიიღო მიწვევა Signal-ის დახურულ ჩატში, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი განიხილავდნენ იემენში მეამბოხე ჰუთების პოზიციებზე შეტევას.
საიდუმლო ინფორმაციის განხილვის წესების დარღვევას მწვავე რეაქცია მოჰყვა კონგრესის წარმომადგენლებისა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტებისგან.
დემოკრატებმა მაიკ უოლცის და პიტ ჰეგსეთის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაშინ განაცხადა, რომ თანამდებობიდან არავის გათავისუფლებას არ აპირებს.
ფორუმი