20 აპრილს დონეცკის ოლქში ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული “სააღდგომო ზავის” დროს, რუსმა სამხედროებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს ჩასაფრება მოუწყვეს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის თქმითაც, უკრაინელი ჯარისკაცების ნაწილი დაიღუპა.
„ტორეცკის მიმართულებით ჩვენი მებრძოლები, სამწუხაროდ, რუსულ ჩასაფრებაში მოყვნენ. არიან დაღუპულები. რუსი სამხედროები, ვინც ეს ჩაიდინა, განადგურდებიან“, — დაწერა ზელენსკიმ თავის ტელეგრამ-არხზე.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს მძიმე შეიარაღების გამოყენებით — ამის შესახებ მას ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ მიაწოდა.
„16.00 საათის მდგომარეობით რუსეთის მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით სულ 46 შეტევა განხორციელდა. დაფიქსირდა 901 დაბომბვა, რომლიდანაც 448 სწორედ მძიმე შეიარაღებით“, — აღნიშნა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა 400-ზე მეტი იერიში მიიტანეს FPV-დრონებით.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ყველაზე ინტენსიურად უტევს პოკროვსკის, სევერსკის და სხვა მიმართულებებს დონეცკის ოლქში, ასევე კურსკის რეგიონში.
19 აპრილს კრემლმა გაავრცელა ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომლის მიხედვითაც, გამოცხადდა “სააღდგომო ზავი”. პუტინის თქმით, რუსეთის მხარე “აჩერებს ყველა საბრძოლო მოქმედებას 19 აპრილის 18:00 სთ-დან 21 აპრილის 00:00 საათამდე”.
პასუხად პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ განცხადებას უწოდა ადამიანების სიცოცხლით თამაშის მცდელობა და მიუთითა საჰაერო განგაშზე, რომელიც კრემლის ინიციატივის გავრცელების მომენტში გამოცხადებული იყო უკრაინის რამდენიმე ოლქში.
ფორუმი