კომპანია Blue Origin-ის ხომალდმა New Shepard-მა, რომელიც ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის, ისტორიული მოგზაურობა შეასრულა. ეკიპაჟი მთლიანად ქალებისგან შედგებოდა ესენი არიან ამერიკელი მომღერალი კეტი პერი, ყოფილი ჟურნალისტი ლორენ სანჩესი, ჟურნალისტი გაილი კინგი, NASA-ს ყოფილი მერაკეტე აიშა ბოუ, მეცნიერი ამანდა ნგუენი და კინოპროდიუსერი კერიენ ფლინი. ისინი კოსმოსში ტეხასიდან გაუშვეს და წარმატებით დაბრუნდნენ.
ამ გუნდთან ერთად კოსმოსში გააგზავნეს თურქი მეცნიერის დოქტორ ჯანან დაჰდევირენის მიერ ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტირებისთვის შექმნილი ტარებადი ულტრაბგერითი აპარატი. ის კოსმოსური კვლევებისთვის იქნება გამოყენებული.
მეცნიერის თქმით, ამ აპარატზე მუშაობა მან წლების წინ დაიწყო.
„ჩვენს მიერ შექმნილ ტექნოლოგიას ვუძღვნი ყველა ცოცხალ არსებას, რომლებიც უსამართლობასა და ჩაგვრას განიცდიან. თქვენ მარტო არ ხართ. თქვენი ბრძოლა ვარსკვლავების მსგავსად იქნება სინათლე და გზის მაჩვენებელი. დიახ, მომავალი ცაშია,“ – განაცხადა მან.
cUSBr-Patch – ესაა მოქნილი ულტრაბგერითი, ხელისგულის ზომის სკანერი, რომელიც ბიუსტჰალტერში, წებოვანას საშუალებით მაგრდება და სარძევე ჯირკვლის ქსოვილების მონიტორინგს რეალურ რეჟიმში ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს სახლის პირობებში ხდება.
ტექნოლოგიის მიზანია, სიმსივნე მანამდე აღმოაჩინოს, ვიდრე ის სიცოცხლისთვის საშიში გახდება.
მამოგრაფიისგან განსხვავებით, რომლის გაკეთებაც გარკვეული პერიოდულობით, სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი, პატჩი უფრო უსაფრთხოა და ხშირი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ის მუდმივ რეჟიმში აგროვებს მონაცემებს და შეუძლია 0,3 სანტიმეტრის ზომის მქონე ანომალიის აღმოჩენა საკმაოდ ღრმად, რაც ულტრაბგერითი მოწყობილობების პარამეტრებს შეესაბამება.