იმ დროს, როდესაც მოელიან რომ გაეროს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის რეზოლუციას, რათა შიმშილის თავიდან ასაცილებლად, ღაზის ჰუმანიტარული დახმარება გაიზარდოს, პარასკევს, ღაზის ცენტრალურ ნაწილზე ახალი შეტევით, ისრაელის ძალებმა მიანიშნა, რომ პალესტინელთა ანკლავში სახმელეთო იერიშს კიდევ უფრო აფართოებს.
ეგვიპტეში ამ კვირაში მიმდინარე მოლაპარაკებებში, რომლის მიზანიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმების მიღწევაა, გარდაუვალი გარღვევის მიღწევის იმედის გაქრობასთან ერთად, პალესტინელთა ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები, საარტილერიო დაბომბვები და ბრძოლები გრძელდებოდა.
პარასკევს, ისრაელის სამხედრო უწყებამ ღაზის სექტორის ცენტრალური ნაწილში, ქალაქ ალ-ბურეიჯის მცხოვრებლებს, დაუყოვნებლივ სამხრეთისკენ გადაადგილება უბრძანა. ეს კი მიანიშნებს, რომ სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის განადგურების შემდეგ, სახმელეთო იერიშის ყურადღების ახალი ცენტრი გაჩნდა.
ღაზის სექტორის, „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელის დარტყმების შედეგად, იქ 20,057 პალესტინელი დაიღუპა და 53,320 დაიჭრა.
ისრაელის სამხედრო უწყებამ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის გამო სინანული გამოხატა, მაგრამ ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰამასს“ ბრალი დასდო, რომ მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში მოქმედებს ან სამოქალაქო პირებს ცოცხალ ფარად იყენებს. დაჯგუფება ამ ბრალდებებს უარყოფს.
დაჯგუფება “ჰამასის” განადგურების მიზნით, რომელიც შეერთებულ შტატებს და დასავლეთის ბევრ ქვეყანას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული, ისრაელმა ღაზის სექტორში აქტიური საომარი კამპანია 7 ოქტომბრის თავდასხმის პასუხად დაიწყო. “ჰამასის” მებრძოლთა თავდასხმას ისრაელში 1 200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, 200-ზე მეტი ტყვედ წაიყვანეს. ზავის პირობებით მძევალთა გაცვლის შემდეგაც, დღემდე გატაცებულია 100-ზე მეტი ისრაელის მოქალაქე.