ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და წერს:
ვინმემ აუხსნას ამ გაუნათლებელს, რომ ჯარი ვისია, ვინ არის პასუხისმგებელი მის ქმედებებზე განისაზღვრება არა იმით, თუ რა ეროვნების არიან მასში მომსახურე ოფიცრები და ჯარისკაცები, არამედ იმით, თუ რომელ სახელმწიფოს წარმოადგენენ.
დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმ ალექსანდრე მაკედონელიდან მოყოლებული, ყველა იმპერიის ჯარში მსახურობდა უამრავი სხვადასხვა ეროვნების მებრძოლი, ზოგი ნებაყოფლობით, ზოგი იძულებით. არავის არ მოუვა აზრად, მაგალითად, ნაპოლეონის არმიის ქმედებებზე პასუხი მოსთხოვოს პოლონელებს, იმიტომ რომ მასში ბევრი პოლონელი იბრძოდა. ჰოდა, ამ ბატონს ვინმემ აუხსნას, რომ როგორც ნაცისტური არმია იყო გერმანიის არმია, მიუხედავად იმისა, რომ მასში მილიონობით რუსი, ფრანგი, ბალკანეთის, ბალტიისპირეთის თუ სკანდინავიელი ხალხების წარმომადგენელი იბრძოდა, ასევე 9 აპრილს ჩვენი მოქალაქეების დამხოცველი არის რუსეთის წითელი იმპერიის ჯარი. შესაბამისად რუსეთის იმპერიაა მის ქმედებაზე პასუხისმგებელი. რაც პრემიერმა თქვა ან ელემენტარული უვიცობაა, ან ქართველი ერის სადამსჯელო ოპერაციის დროს ჩადენილ დანაშაულზე რუსეთის იმპერიის გამართლების უბადრუკი და უტვინო მცდელობა. სხვათა შორის, დღევანდელი რუსეთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა, რაც იმას ნიშნავს, რომ სსრკ-ს მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულზე მას ეკისრება სამართლებრივი თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა .
