რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვების დაწყებაზე.
უწყების ინფორმაციით, 3 მაისისთვის დაგეგმილია პირველი რეისი, მოსკოვის ვნუკოვის აეროპორტიდან, სოხუმის მიმართულების ფრენას ავიაკომპანია „ЮВТ АЭРО“ (UVT AERO) შეასრულებს.
6 მაისიდან კი ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმის მიმართულებით იფრენს ავიაკომპანია „Икар (Ikar).
მანამდე გახდა ცნობილი, რომ როსავიაციამ ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვიდან ფრენის ნებართვა მისცა ავიაკომპანია „АйФлай“-ს (iFly) . ასევე მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან ფრენისთვის კი ავიაკომპანია „Нордстар“-ს (Nordstar), თუმცა, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში ამ კომპანიებისთვის ფრენის ნებართვის თარიღი მითითებული არაა.
„რეგულარული პირდაპირი ავია შეტყობინება განახლდება თითქმის 30-წლიანი შესვენების შემდეგ. გრძელდება რეისების რაოდენობის დამატებასა და სხვა ავია გადამზიდავების მოზიდვის სამუშაოები“, – ნათქვამია სამინისტროსვე გავრცელებულ ინფორმაციაში.
დასახელებული ოთხივე კომპანია სანქცირებულია და ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში ფრენა.
მანამდე მედიაში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონო იყო და რომ ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს ფრენებს აფხაზეთში, „დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტურ და ძირითად პრინციპებს“. თბილისი აცხადებს, რომ საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) „უპირობო მხარდაჭერით“ სარგებლობს.
თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით რეისებს რუსული ავიახაზები Red Wings და Azimuth ახორციელებენ, რომლებიც სანქციების სიაში არ შედიან.
წყარო: radiotavisupleba
