კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ – იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„გუშინ „ოცნების“ მორიგი და უკვე მერამდენე 180-გრადუსიანი შემოტრიალება ვიხილეთ. მათ ამჯერად, პარტიების აკრძალვა გადაიფიქრეს, არადა, გუშინდელ დღემდე „ოცნების“ მთელი გუნდი თვლიდა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა უნდა აეკრძალათ.
ასე იყო წარსულშიც – დე ფაქტო ხელისუფლება თვლიდა, რომ ევროკავშირის წევრი უნდა გავმხდარიყავით, მაგრამ მერე 180 გრადუსით შემოტრიალდნენ, მათ შორის, გეოგრაფიულადაც და ხელი მოაწერეს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან. ვისურვებდი, კარგი ურთიერთობა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან, ჩინეთთან, თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან, ოკუპაციის დასრულების შემდეგ. მაგრამ ამასთანავე, ერთია გქონდეს კარგი ურთიერთობები და მეორეა, იყო სტრატეგიული პარტნიორი. შეუძლებელია, ურთიერთგამომრიცხავი სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პოლუსებთან და გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებთან. მარტივად რომ ავხსნათ, ერთდროულად ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის, ან ჩინეთის და ს სტრატეგიული პარტნიორები ვერ ვიქნებით.
ის, რაც დე ფაქტო ხელისუფლებას სჭირს, 180 გრადუსიანი ტრიალით რომ დაჰყავს სახელმწიფო მანქანა, იმედი მაქვს, სადმე უფსკრულში არ გადაგვჩეხავს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ხალხს, ერს სახელმწიფოებრივი თვითორგანიზების დიდი დეფიციტი გვაქვს. ანუ ვერ ვქმნით მმართველობის ისეთ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ხალხის უწყვეტ და სამართლიან განვითარებას. ეს არის უნარი, შექმნა საკუთარი მართვის მოდელი იმგვარად, რომ არ იმართებოდე გარედან. სუვერენიტეტს კარგავ მაშინ, როცა როგორც ერს, არ გაგაჩნია თვითორგანიზების უნარი.
ის, რომ უსამართლობის წინააღმდეგ რუსთაველზე ამდენი თვეა პროტესტი გრძელდება, ნიშნავს შემდეგს: საზოგადოება საკმარისად მომწიფებულია, რათა მონაწილეობა მიიღო უწყვეტი და სამართლიანი განვითარების მმართველობითი მოდელის შექმნაში. მეორე მხრივ კი ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ საპირისპიროს – უმწიფრობას და გადაწყვეტილებების 180 გრადუსიან ქაოტურ ცვლილებს ყოველდღე, ყველა მიმართულებით, მორგებულს არა სახელმწიფო, არამედ პირად და პარტიულ ინტერესებზე.
დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი დასრულდება ჩვენი ხალხისთვის თვითორგანიზების უნარის შეძენით, რაც მთავარი ქვაკუთხედია ნებისმირ ერის განვითარებაში!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.