ბოლო რამდენიმე თვეა ბაზარი სრულად ადგილობრივი წარმოების სასურსათო კვერცხით მარაგდება.
თურქეთში, რომელიც საქართველოს მთავარი მომწოდებელია, კვერცხის დეფიციტია, ამიტომ იმპორტი შეწყდა, მოთხოვნის 100-ვე პროცენტის დაკმაყოფილება კი ადგილობრივი ფაბრიკებიდან ხორციელდება.
ბაზრიდან იმპორტის დროებით ჩახსნამ გამოიწვია ის, რომ ადგილობრივი წარმოების კვერცხზე მოთხოვნა გაიზარდა.
“დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი მოხმარება, ტენდენცია არის ზრდის. შიდა ბაზრის დაკმაყოფილების პრობლემა არ არსებობს. გაიზარდა მოხმარება, ჩვენი რეალიზაციაც გაიზარდა. ბოლო წლებში დიდი რაოდენობით იმპორტი შემოდიოდა. აშშ-ში იყო ქათმის გრიპი, ამიტომ თურქული წარმოება გადაერთო მთლიანად ამერიკულ ბაზარზე და საქართველო აღარ აინტერესებთ, აქედან გამომდინარე, დროებით სანამ ეს პრობლემა არსებობს შეწყდა საქართველოში თურქეთიდან იმპორტი, თუმცა ეს დროებითია და არ არის გამორიცხული, როგორც კი დარეგულირდება ამერიკის ბაზარი, ისევ გადმოერთონ საქართველოს ბაზარზე.
დიახ, მოიმატა ჩვენმა რეალიზაციამ, არამარტო რეალიზაციამ, მოთხოვნაც გაიზარდა ზოგადად. არ ვიცი რისი ბრალია, უფრო მეტი კვერცხის ჭამა დაიწყო მოსახლეობამ, თუ სხვა პროდუქტებია ძვირი და ამიტომ გაიზარდა კვერცხზე მოთხოვნა”,- აცხადებს “კოდას” გენერალური დირექტორი ზურაბ ჭუჭულაშვილი.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კვერცხზე ფასი სტაბილურია და საფასო პოლიტიკის ცვლილება წინასააღდგომოდ არ განიხილება, თუმცა როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, ერთ-ერთ მთავარ სამომხმარებლო პროდუქტზე ფასი წლის დასაწყისში გაზარდეს, რაზედაც დიდი გავლენა ფრინველის საკვებზე მზარდმა ხარჯმა იქონია.
“წინასააღდგომოდ არანაირად არ იგეგმება ფასების გადახედვა, არამხოლოდ სააღდგომოდ, თუ რამე რადიკალურად არ შეიცვალა უახლოესი 6 თვის განმავლობაში არ იგეგმება ჩვენს პროდუქციაზე ფასების მატება. ბოლოს ფასებს გადავხედეთ წლის დასაწყისში და ეს იყო დაახლოებით 2%-იანი ზრდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ 30%-ით გაგვიძვირდა ძირითადი საკვები კომპონენტები, სიმინდი, ხორბალი. დაახლოებით 60 თეთრი ღირდა სიმინდი დეკემბერში და დღეს ღირს 90-95 თეთრი. საკვების ნაწილში ძალიან დიდი ფასის მატება იყო, დაახლოებით საბოლოო პროდუქტი გაგვიძვირდა 12%-ით და ჩვენ 2-3 %-ით გავაძვირეთ კვერცხი”,- აცხადებს ზურაბ ჭუჭულაშვილი.
დღეს ქსელებში ათცალიანი კვერცხის შეფუთვის ღირებულება დაახლოებით 5,65-5,85 თეთრის ფარგლებშია. აღსანიშნავია, რომ დახლებზე პროდუქტი დაახლოებით 25%-ით ძვირი ხვდება მომხმარებელს, ვიდრე მას მწარმოებლები ყიდიან, მიზეზი რითეილ ქსელში შესვლასთან დაკავშირებული მაღალი გადასახადებია.
