ტელეკომპანია „ფორმულა“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 2021 წლის მიმოწერების სქრინებს ავრცელებს, სადაც ჩანს თუ როგორ წყდება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაშინდელი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხი.
2021 წლის 17-18 თებერვლის მიმოწერებში ჩანს, რომ მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია განმარტავს, რატომ არის ნიკა მელიას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში დაკავება არასწორი.
გახარია წერს, რომ ნიკა მელია უნდა დაეკავებინათ მას შემდეგ რისკები გააზრებული და მინიმუმამდე დაყვანილი იქნებოდა.
“ვთვლი, რომ უნდა გაგიზიაროთ ჩემი პოზიცია მელიას დაკავების გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ დაუშვებელია მისი დაკავება დაუყოვნებლივ ენმ-ს ოფისში. როგორც ხედავთ, დღეს იქ იმყოფება ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა ფიზიკური და ოპოზიციური მედია რესურსი. სრული მზაობა აქვთ ორგანიზებული წინააღმდეგობის გასაწევად მიზანმიმართული პროვოკაციების მოწყობის ჩათვლით.
ამ პირობებში, ოპოზიციური პარტიის შენობის შტურმი უკიდურესად არაგონივრულია და გაუმართლებლად მაღალი რისკების მატარებელია. პოლიციას არ აქვს დახურულ შენობაში ასეთი ტიპის ოპერაციის ჩატარების გამოცდილება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ რისკებს.
დადასტურებულად შეიძლება ვთქვათ – ძალის გადამეტების ბევრი შემთხვევა გვექნება. ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთ პირობებში ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცოპერაციის ჩატარება ვერ იქნება შეფასებული პროპორციულ ქმედებად, რასაც მოჰყვება უკიდურესად მწვავე საერთაშორისო რეაქცია…”, – წერს გიორგი გახარია აღნიშნულ მიმოწერაში.
მიმოწერებში ჩანს, რომ გახარიას ამ მოსაზრებას ეთანხმებიან თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი, თორნიკე რიჟვაძე, მაკა ბოჭორიშვილი და ა.შ.
ამის შემდეგ მაშინდელი ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ნიკა მელიასა და ენმ-ს ოფისში შეკრებილ ოპოზიციონერებზე წერს:
“ეგდოს სოროში, სანამ არ მოსწყინდება. ერთადერთი, რაც საჭიროა, არის სწორი კომუნიკაცია. აბუჩად არიან ასაგდები. სულელები უნდა ვიყოთ, რომ იქ შევიჭრათ. მათაც ეს უნდათ. ”
ამ მიმოწერიდან მეორე დრეს, 2021 წლის 18 თებერვალს გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.
თეა წულუკიანი საგამოძიებო კოისიაზე, სადაც დღეს, 14 აპრილს გიორგი გახარია იყო დაბარებული, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა განაცხადა, რომ მისი გადადგომის მიზეზი არა ნიკა მელიას დაკავების საკითხი, არამედ ბიძინა ივანიშვილის ჩარევა იყო.
კომისიის სხდომაზე გახარიამ განაცხადა, რომ ის ეთანხმებოდა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, ისევე როგორც მის დაკავებას, თუმცა არა იმ ფორმით, რომ შემდეგ ამნისტია გამხდარიყო საჭირო. გახარიას თქმით, ბევრი დეპუტატი მის აზრზე იყო, თუმცა მერე „ეს ხალხი გაქრა“.
გახარიას თქმით, ზუსტად იცის, რომ ივანიშვილმა დაურეკა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, და რაღაც მომენტში პოლიტსაბჭოს მოწვევაც ყველამ გადაიფიქრა.
გიორგი გახარიამ თქვა, რომ ნიკა მელიას იმ ღამით და იმ ფორმით დაკავების მოწინააღმდეგე იყო მათ შორის თეა წულუკიანიც, რაც წულუკიანმა უარყო.
თეა წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, ვინ გაიყვანა იგი ოპოზიციაში და დააპირისპირა „ქართული ოცნების“ გუნდთან?
„ივანიშვილმა“ – უპასუხა გიორგი გახარიამ.
