არავის სჭირდებოდა ისეთი პრემიერი, რომელსაც მინისტრებს უმართავს ადამიანი, რომელმაც ერთი თვის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ და არასდროს დავბრუნდებიო. მე არ გადავმდგარვარ მელიას გამო, ეს გამორიცხული საკითხია, -ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, როდესაც განმარტა, თუ რატომ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
მანამდე კი, კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა მას ჰკითხა, შეხვდა, თუ არა „რომელიღაც ელჩს“, რომელმაც ნიკა მელიას დაკავება გადააფიქრებინა, შედეგად, გუნდი მიატოვა და „სხვის ჭკუაზე გაიარა“.
„ტყუილია, ეს არ არის მართალი. გიდასტურებთ, რომ ჩემი პოზიცია იყო, რომ მელია იყო დასაკავებელი. მელია იყო დასაკავებელი, რადგან ეს ჟესტი, სროლის [პრობაციის სამაჯურის] ეს იყო სახელმწიფოს გამოწვევა და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა უნდა ემოქმედა. ეს გააკეთა იმისთვის, რომ სახელმწიფო გამოეწვია. ჩვეულებრივი ხულიგანი პოლიტიკოსი მოიქცა ისე, როგორც… კიდევ ერთხელ, ვადასტურებ, რომ ამის შემდგომ მოვიდა კობახიძე, ძალიან მთხოვა, რომ მივსულიყავი იმიტომ, რომ ძალიან უჭირდა პარლამენტარებთან. მივედი, გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. ამის შემდგომ მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენ, უკვე ოპერატიულად მივყვებით ამ პროცესს. დილით, ჩვეულებრივ მივედი სამსახურში, როგორც ყოველ დღე. საერთოდ არანაირი აზრი, არც გადადგომა, საერთოდ არაფერი“ , – განაცხადა გახარიამ.
მისი განმარტებით, პარტიაში, რამდენჯერმე შეიკრიბნენ, სადაც ნიკა მელიას დაკავების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა იყო.
„დასაკავებელი იყო იმ მომენტში და იმ ფორმით, რომ შემდგომ მელიას ამნისტირება და გაშვება არ დაგვჭირვებოდა. ეს იყო მთავარი მიზანი და მიზეზი, რომ მელია დაგვეჭირა და სამართალი აღგვესრულებინა ისე, რომ არანაირ ამნისტიის მოთხოვნის რესურსი უცხოელებისთვის, არ დაგვეტოვებინა. ეს არ ყოფილიყო პოლიტიკურ აქტი და ეს ყოფილიყო ჩვეულებრივი კრიმინალის დაკავების აქტი“, -განაცხადა გახარიამ.
ამასთან, მან შეახსენა თეა წულუკიანს, რომელიც მისვე თქმით, ,ირწმუნებოდა, რომ „შტერი მელიას დაკავებას აზრი არ აქვს“.
„ თქვენ ამბობდით, თქვენ ცოცხალი მაგალითი ხართ, რომ დღეს, ამ პირობებში, ამ გარემოში, ამ შტერი მელიას დაკავებას აზრი არ აქვს, ამიტომ ჯობია ეს გადავავადოთ, რამდენი ხანიც საჭიროა, რომ დაწყნარდეს სიტუაცია. თქვენ მოიწერეთ, ვციტირებ, თუ საჭიროა, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისს პენიტენციური დაწესებულების ნომერი მივანიჭოთ“ , – განაცხადა გახარიამ, რაზეც წულუკიანმა ასე უპასუხა, რომ „დღესაც მივანიჭებდი დიდი სიამოვნებით. ეს მე ვთქვი, სანამ იმუნიტეტს მოუხსნიდნენ“.
ამასთან, გახარიას თქმით, მთავრობის პოლიტსაბჭოს ბევრი წევრი, უმრავლესობა მის აზრზე იყო და ამბობდნენ, რომ დილით უნდა შეკრებილიყვნენ, თუმცა „ეს ხალხი ყველა გაქრა. ეს იყო უხილავი კაცის ხელი“.
გახარიას განმარტებით, ამის შემდგომ ჰკითხა შს მინისტრს, თუ რა ხდებოდა გდდ-ს ძალებში, თუმცა ის უბრალოდ სიმართლეს ვერ ეუბნებოდა.
„მარტივი რამ მოხდა, პროცესში სამართავად შემოვიდა ივანიშვილი, რომელმაც ეს პროცესი თავიდან ბოლომდე აიღო თავის თავზე და დაიწყო ამ პროცესის მართვა. რას აპირებდა და როგორ მართავდა მე წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მე ეს დადასტურებულად, ფაქტებით ვიცი და ჩემი გადადგომა იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ მელია არ უნდა დაგვეკავებინა, ჩემი გადადგომა გამოწვეული იყო იმით, რომ არც თქვენ, არც საქართველოს მოქალაქეებს პრემიერი, რომელსაც მინისტრებს უმართავს ადამიანი, რომელმაც ერთი თავის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ და არასდროს დავბრუნდები, ასეთი პრემიერი არავის სჭირდებოდა. მე არ გადავმდგარვარ მელიას გამო, ეს გამორიცხული საკითხია“-განაცხადა გახარიამ.
თეა წულუკიანის კითხვაზე, ურჩიეს თუ არა უცხოელმა ელჩებმა, რომ არ დაეკავებინა ნიკა მელია და წასულიყო ოპოზიციაში, გიორგი გახარია პასუხობს, რომ ოპოზიციაში „ბიძინა ივანიშვილმა გაიყვანა“.
„მკაფიოდ გეუბნებით, ოპოზიციაში გამიყვანა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ყველა შეთანხმება დაარღვია. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, ამ თემაში უფრო ღრმად შესვლა გინდათ თუ არ გინდათ. თუ გინდათ, მე პრობლემა არ მაქვს, მოგყვებით ბოლომდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
