შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განმარტებით, 20 ივნისს „ქართული ოცნების“ დეპუტატების პარლამენტის შენობაში მიყვანის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საკანონმდებლო ორგანოს შენობა მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ჰქონდათ დაკავებული.
ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მას შემდეგ აღნიშნა, რაც კომისიის წევრი მას ჩაეკითხა, თუ რატომ გადაადგილდებოდა ის საკანონმდებლო ორგანოში „ოთახიდან ოთახში და რომელ ოთახებში გადაადგილდებოდა“.
„ზოგიერთი პარლამენტარი იყო დასამშვიდებელი. მიწევდა გვერდით გადავსულიყავი იქ ერთი დამემშვიდებინა, აქ მეორეს დავლაპარაკებოდი. […] ძალიან ბევრი მოვიყვანეთ, იმიტომ, რომ უბრალოდ პოლიტიკურად არასწორად ჩანდა ეს ყველაფერი, მაშინ როდესაც პარლამენტის შენობა გატენილი იყო „ნაცებით“, სხდომათა დარბაზი გადატენილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტაქტივით და სხვა არავინ იყო. იძულებული გავხდით, რომ ნელ-ნელ ყველა მოგვეყვანა და მერე მოვიდნენ კიდეც. „ნაცებით“ გატენილი იყო დილამდე. არ მახსოვს, მე რა დროს მოვედი. შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიციელები, მე მათ შორის, ყველანი ერთად ვასრულებდით ჩვენს დაკისრებულ ვალდებულებას აგვერიდებინა შტურმი. ყველა პოლიციელი, რომელიც მაშინ იმყოფებოდა აქ, გეგმის შესაბამისად იმყოფებოდა აქ იმისთვის, რომ უზრუნველეყო საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და პარლამენტის შენობის დაცვა. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული ყველა რესურსის გამოყენება მათ შორის, პოლიტიკური კორდონის იყო აუცილებელი. შესაბამისად, გამოვიყენეთ ზუსტად ისე, როგორც გეგმის მიხედვით მაშინ იყო ჩათვლილი, რომ იქნებოდა ყველაზე ეფექტური“, – განაცხადა გახარიამ.
კომისიის წევრი, ალუდა ღუდუშაური მას ჩაეკითხა, რომ შტურმზე მას არ ჰქონდა კითხვები. „შტურმზე შეთანხმებული ვართ, დრო არ დავკარგოთ“, – აღნიშნა ღუდუშაურმა, რასაც გახარიამ უპასუხა, რომ მას თუ საუბარს კიდევ ერთხელ შეაწყვეტინებდნენ, კომისიის სხდომას აღარ დაესწრებოდა.
„მეგობრებო, კიდევ ერთხელ თუ გამაწყვეტინებთ, ავდგები და წავალ! მაშინ როდესაც მზად იქებით ემოციურად, მოისმინოთ პასუხები, რომლებიც არ ეთანხმება თქვენს მოსაზრებას, მაშინ დავბრუნდები“, – აღნიშნა გახარიამ.
დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა კვლავ სცადა გახარიასგან მოესმინა, ვინ გასცა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე, რაზეც გახარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „არც მას და არც მის მოადგილეებს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუციათ“.
„ქალბატონო თავმჯდომარევ, შეიძლება მომეხმაროთ? ვერ ვაგებინებ [ალუდა ღუდუშაურს]. თვით დაცვას ჰქვია მოგერიების რეჟიმი. თუ მე ვამბობ, რომ მოგერიების რეჟიმში, ცალკეულ შემთხვევებში პოლიციელებმა გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ეს ნიშნავს იმას, აქამდეც ვთქვი და ვიმეორებ, რომ არც მე და არც ჩემს მოადგილეებს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაგვიცია. ამაზე უკვე ვისაუბრე ორჯერ“, – განაცხადა გახარიამ.
გახარიას ამ განმარტების საპასუხოდ წულუკიანმა აღნიშნა, რომ მას ყველა ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ მათ შორის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება სწორედ მას აქვს გაცემული, დღეს კი ამას პოლიციელებს აბრალებს.
„დაგეხმარებით და გკითხავთ, თქვენ ყველგან, ყველა ინტერვიუში ნათქვამი გაქვთ, რომ ყველაფრის გამოყენებაზე და ყველა გადაწყვეტილებას ოპერაციის მართვისას იღებდით თქვენ, მათ შორის ტყვიების გამოყენებაზე. ახლა ამბობთ, რომ ეს კონკრეტული ბრძანება თქვენ არ გაგიციათ და დააბრალეთ კონკრეტულ პოლიციელებს, რომ ბრძანების გარეშე ითავხედეს და ვიღაცებს თვალები დათხარეს, ან ასე იყო ან ასე არ იყო. თქვენ პოლიციელებს დააბრალეთ. ამ დროს ინტერვიუებში ყველგან ამბობთ, რომ ეს ბრძანება მე გავეციო და მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელიო“, – მიმართა წულუკიანმა გახარიას.
