თბილისის ოთხი საჯარო ბაღიდან დირექტორები გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს ბაღების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.
საუბარია მე-17, 38-ე, 28-ე და პირველი საჯარო ბაღების დირექტორებზე.
როგორც ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მონიტორინგის შედეგად აღნიშნულ ბაღებში “მძიმე დარღვევები” გამოვლინდა, რაზეც პასუხისმგებლობა დირექტორებს ეკისრებათ.
კონკრეტულად რა დარღვევებზეა საუბარი უცნობია, ვინაიდან მონიტორინგის დასკვნა საჯარო არაა.
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ორგანიზაციული ცვლილებების გატარებასთან ერთად, დაიწყო კომპლექსური მონიტორინგის პროცესი, რომლის მიზანია ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო და ადმინისტრირების პროცესის შესაბამისობის შეფასება არსებულ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან. კომპლექსური მონიტორინგი ხორციელდება როგორც ადმინისტრაციული, ისე სააღმზრდელო მიმართულებით. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები. საბავშვო ბაგა-ბაღის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია ბაღის დირექტორი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს მინდობილ პირს.
რამდენიმე ბაღში გამოვლენილმა დარღვევების სიმძიმემ აჩვენა, რომ ბაღის მენეჯერები ვერ ართმევდნენ თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც თავის მხრივ ზიანს აყენებს სააღმზრდელო პროცეს.
შესაბამისად, გათავისუფლდა ოთხი საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი და რამდენიმე თანამშრომელი; ზოგიერთი დასაქმებულის მიმართ გატარდა სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.
აღსანიშნავია, რომ მონიტორინგი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო თუ ადმინისტრაციული პროცესის კანონთან თუ სხვადასხვა სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვას, მუდმივია და გაგრძელდება“, – აცხადებენ ბაღების მართვის სააგენტოში.
