ალტ-ინფოს პარტიას რეესტრი ისევ არ არეგისტრირებს

პრორუსული, ჰომოფობიური, დისკრიმინაციული განწყობების მქონე ჯგუფი, ალტ-ინფო პოლიტიკურ პარტიას ისევ ვერ რეგისტრირდება. შესაბამის განცხადებაზე უწყებისგან ბოლო უარი მათ 8 აპრილს მიიღეს.
გადაწყვეტილების მიხედვით, უარის მიზეზი ამჯერადაც წარდგენილი დოკუმენტების დახარვეზება გახდა. უფრო კონკრეტულად, უწყებაში განმარტავენ, რომ პარტიის შესაქმნელად მოქალაქეთა არანაკლებ 300-კაციანმა ჯგუფმა უნდა გამართოს ყრილობა, შემდეგ კი, ერთი კვირის ვადაში, რეესტრში წარადგინოს ყრილობის წევრთა მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის მოწმობის ნომერი, სამუშაო ადგილი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი და მათი ხელმოწერები. ეს ინფორმაცია რეესტრს უნდა წარედგინოს როგორც მატერიალური სახით (ქაღალდზე), ისე ელექტრონულად.
რეესტრში აცხადებენ, რომ ალტ-ინფომ ვერ წარმოადგინა სათანადო სია.
ხარვეზის გამოსასწორებლად ალტ-ინფოს ვადა 18 აპრილამდე მიეცა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საჯარო რეესტრი ალტ-ინფოს პარტიად რეგისტრაციაზე უარს ეუბნება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ალტ-ინფომ არაერთხელ სცადა პარტიის რეგისტრაცია, მათ შორის ნაჩუქარი მონაცემებითაც.
ალტ-ინფოს პარტია, “კონსერვატიული მოძრაობა” 2024 წლის 8 აპრილს გაუუქმეს. მაშინ აჯარო რეესტრმა საფუძვლად მიუთითა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა, რომელმაც, თავის მხრივ, დაადგინა, რომ პარტიის სარეგისტრაციო მონაცემები ხარვეზით იყო წარდგენილი. ამის შემდეგ, ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ პარტია აჩუქეს და ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას “ქართული იდეის” სახელით მიიღებდნენ. თუმცა, მალევე, საჯარო რეესტრმა “ქართული იდეის” გაუქმების პროცესიც დაიწყო. მიზეზად მაშინაც ტექნიკური ხარვეზი დასახელდა. ალტ-ინფოში აცხადებდნენ, რომ ქართულ ოცნებას” არ სურდა მათი არჩევნებზე დაშვება, რათა მათი ამომრჩევლების ხმები მოჩვენებითი კონსერვატორული რიტორიკის ფონზე თავად მიეღო.
საბოლოოდ, ალტ-ინფოს ლიდერებმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა “პატრიოტთა ალიანსის” სახელით მიიღო.